ახალი ამბებისამართალი

ნეიმარის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმე შეწყდა

30 ივლისი, 2019 • 1281
ნეიმარის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმე შეწყდა

პოლიციამ ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის წინააღდეგ შესაძლო გაუპატიურების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სან-პაულოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეჩერდა.

ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიელმა მოდელმა ნაჟილა ტრინდადმა განაცხადა, რომ მაისში პარიზის სასტუმროში ფეხბურთელმა მასზე იძალადა. ფრანგული პარიზის სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ გაუპატიურებაში ფულის გამოძალვის მიზნით ადანაშაულებდნენ.

აღნიშნული საქმე ბრაზილიური მედიის მთავარი თემაა, სადაც ნეიმარის შესახებ ყოველდღე ახალ-ახალი სათაურებით იბეჭდება გაზეთები.

ბრალდების შესახებ ივნისში გახდა ცნობილი, როცა პარიზის სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა 7-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც საუბრობს, რომ მას ბრალს სდებდნენ გაუპატიურებაში.

ნეიმარმა ასევე გაასაჯაროვა მოდელ ნაჟილა ტრინდადთან Whatsapp-ის შეტყობინებები და სურათები. ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ფეხბურთელი აცხადებს, რომ ეს “იმის დასამტკიცებლად გააკეთა, რომ სინამდვილეში არაფერი მომხდარა”.

პარალელურად, ნაჟილა ტრინდადიც აკეთებდა განცხადებებს სატელევიზიო ინტერვიუებში. მოდელმა ასევე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს მასსა და ნეიმარს შორის შელაპარაკება.

მოგვიანებით თავად ნაჟილა ტრინდადის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი შესაძლო ცილისწამებისთვის. იგი პოლიციელებს კორუმპირებულებს უწოდებდა. ნაჟილა ტრინდადს რამდენიმე ადვოკატი ჩამოშორდა.

პროკურორებს ახლა უკვე 15 დღე აქვთ საქმის შესაფასებლად, სანამ მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი