ახალი ამბები

კვლევა: სექსმუშაკ კაცებს პოლიციელები საჯარო სივრცეში გადაადგილებასა და ყოფნას უკრძალავენ

2 თებერვალი, 2015 •
კვლევა: სექსმუშაკ კაცებს პოლიციელები საჯარო სივრცეში გადაადგილებასა და ყოფნას უკრძალავენ

კვლევაში მონაწილე რეპოდენტების მონათხრობის მიხედვით, პოლიციის თანამშრომლები მათ საჯარო სივრცეში გადაადგილებასა და ყოფნას უკრძალავენ, რაც მათი მხრიდან აღქმულია, როგორც გადაადგილების თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

კვლევის მიხედვით, რესპონდენტები  ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში  და ინტერვიუს ჩატარების მომენტისათვის თითქმის შეუძლებელი გახდა მათთვის სასურველ ტერიტორიაზე ღამის საათებში ყოფნა და გადაადგილება, რის მიზეზადაც ისინი საპატრულო პოლიციის  მხრიდან აკრძალვას ასახელებენ. .

 

კვლევის მიხედვით, ყველა რესპონდენტი  სექსმუშაკი განმარტავს, რომ პატრულირების დროს თუ დაინახავენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქ მყოფ მსმ სექსმუშაკს, უახლოვდებიან მას და ტერიტორიის დატოვებას უბრძანებენ.

 

“ასეთი ბრძანება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსმ სექსმუშაკი დგას ტროტუარზე (ან სხვა საჯარო სივრცეში, სადაც ქვეით მოსიარულეს გადაადგილების უფლება აქვს), ან თუ გადაადგილდება იმავე ტერიტორიებზე. ამავდროულად, სამართალდამცავები არ განმარტავენ, თუ რა მიზეზით  ხდება  ბრძანების   გაცემა, ან  დროის  რა  მონაკვეთით ეკრძალება პირს ტერიტორიაზე გადაადგილება ან გაჩერება”, – წერია კვლევაში.

 

სექსმუშაკები აცხადებენ, რომ ისინი არა მარტო კერძო პირების მხრიდან, არამედ სამართალდამცავების მხრიდან სექსმუშაკების მიმართ ხორციელდება სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჰომოფობიურ გამონათქვამებსაც აქვს ადგილი.

 

“გამოკითხული სექსმუშაკების აზრით, მათი ფიზიკური უსაფრთხოება საჯარო სივრცეში არანაირად  არ  არის უზრუნველყოფილი, პოლიციის გამოძახების  შემთხვევაშიც  არ არის გარანტირებული, რომ კერძო პირების მხრიდან უკანონო ქმედებების აღკვეთა ან შემდგომი რეაგირება მოხდება. ამის მიზეზს თავად რესპონდენტები მათ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ  იდენტობაში  ხედავენ”, – წერი კვლევაში.

 

2014 წელს ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ინტერვიუს დროს მან დაადასტურა, რომ პოლიცია მართლაც უშლის სექსმუშაკებს ცირკის ტერიტორიაზე გაჩერებას.

 

კვლევის მიხედვით, ის აღნიშნავს, რომ ზაფხულის შემდგომ სექსმუშაკების მიმართ დამოკიდებულება პოლიციის მხრიდან გამკაცრდა და ხელმძღვანელობა იძლეოდა ზეპირ ბრძანებებს მათთვის  ცირკის  ტერიტორიაზე  დგომის აკრძალვის თაობაზე.

სექსმუშაკების  “დაშლის” საჭიროების  საფუძვლად  პოლიციელს მოჰყავს მათი  მხრიდან წესრიგის დარღვევა, გარემოს დაბინძურება, საჯარო სივრცეში სპირტიანი სასმელების მიღება, გამვლელებსა და თავად  სექსმუშაკებს შორის კონფლიქტური  სიტუაციების  წარმოქმნის შესაძლებლობა.

 

“ჩვენ ხშირად ვუშლიდით  მათ  ……. დგომას, არა მარტო მსმ სექსმუშაკებს, არამედ ქალებსაც. რადიოსადგურების მეშვეობით ასეთ მითითებას ხშირად გვაძლევდნენ.  ამ ბრძანებას გვაძლევდა ხელმძღვანელობა, მე უშუალოდ წერილობით ბრძანებებს არ  ვიცნობ,  არ  მინახავს.  ჩვენ ხელმძღვანელობის ზეპირ ბრძანებებს ვასრულებდით”, – ამბობს პოლიციელი.

 

კვლევა ჩატარდა 2014 წლის სექტემბრიდან ­დეკემბრის ჩათვლით. მის ფარგლებში 8 მსმ სექსმუშაკთან ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ. სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა ასევე მსმ ჯგუფის წარმომადგენლების სამედიცინო  და სხვა საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “თანადგომის” საველე ოფიცერთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო  პოლიციის თანამშრომელთან, ამბობენ კვლევის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი