ზოგადი არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა დაუშვებელია – გიორგი გოგია

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია ევროპული სასამართლო იმ სტანდარტებზე საუბრობს, რაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დროს გამოიყენება.

როგორც გოგია წერს გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ვერ ჩაითვლება წინასწარი პატიმრობის დასაბუთებად თუ ისინი ბრალდებამ კონკრეტული გარემოებებით არ გაამყარა.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ წინასწარი პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების უკიდურესი ზომაა (a measure of last resort) და ინდივიდუალური გარემოებებით კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ან ისეთი ზოგადი მცნებები, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ან მიმალვა არ და ვერ გამოდგება წინასწარი პატიმრობის საფუძვლად, თუ კონკრეტული ინდივიდუალი გარემოებებით არაა გამყარებული. საზღვარგარეთ ხშირი სიარული ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაცნობების წრის ყოლა არანაირად არ გამოდგება წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის ან მისჯის დასასაბუთებლად.

ყველა აქციის მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ წინაწარი პატიმრობიდან გამოძიების მიმდინარეობის დროს. ასეთია სტრაზბურგის სასამართლოს სტანდარტი და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ,”-წერს გოგია.

გუშინ, 27 ივლისს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მეცნიერ ბეჟან ლორთქიფანიძეს სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც. საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილსაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.