ახალი ამბები

ასეთ პირობებში ქიმიური საშუალებების გამოყენებას შეიძლება მძიმე ფიზიკური შედეგები გამოეწვია – გოგია

23 თებერვალი, 2021 • 919
ასეთ პირობებში ქიმიური საშუალებების გამოყენებას შეიძლება მძიმე ფიზიკური შედეგები გამოეწვია – გოგია

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ენმ-ის ოფისში დღეს დილას განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებდა თვალს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაკავება არცერთ ქვეყანაში კარგის ნიშანი არ არის.

გოგია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დაკავების ღონისძიების აუცილებლობას, რადგან მისი თქმით, სასამართლო პროცესი ამ საქმეზე დასრულებული არ იყო. ამის მიუხედავად, Human Rights Watch-ის რეგიონული დირექტორის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიამ 2019 წელს პარლამენტის შტურმით აღება სცადა, რაც სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფაქტი ამ დროისთვის არ არის:

“მელია ჯერ კიდევ ბრალდებულია და ხელისუფლება უკვე გვესაუბრება ამაზე, როგორც დადგენილ ფაქტზე, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არღვევს და მეტყველებს იმ ზეგავლენაზე, რომლითაც ხელისუფლება სარგებლობს სასამართლო ხელისუფლებაზე. რაზეც მიუთითებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც ამბობდნენ, რომ ამ კრიზისის ძირითადი მიზეზი იყო სასამართლო ხელისუფლებაში არსებული პროცესები, ასევე, საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემები.

სამხუწაროდ, კონფრონტაციის გზა აირჩია ახალმა მთავრობამ. იმის გათვალისწინებით, რომ წინა კვირაში, სულ რაღაც ხუთშაბათს, გადადგა პრემიერი იმის გამო, რომ არ ყოფილიყო შემდგომი ესკალაცია, გუშინ ღამით დამტკიცებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება არის ამ ესკალაციის კიდევ უფრო გამწვავება.

რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია იმიტომ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ლიდერის დაკავება იმ პირობებში, როდესაც ეს უკიდურეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა, რამდენადაც აღკვეთის ღონისძიების სახით თავისუფლების შეზღუდვა უკიდურესი ზომაა,  რა აუცილებლობას წარმოადგენდა მისი ასეთი დაუყოვნებლივ აღსრულება, თუ არა მეტ პოლიტიკურ გამწვავებაზე წასვლა, ძნელია სხვა ახსნის მოძებნა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა რესურსს ტოვებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ ჭრილში დეესკალაცია მოხდეს ამ კრიზისის” ,- ამბბობს გიორგი გოგია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რაც შეეხება მელიას დაკავების  ფორმას, გოგია აცხადებს, რომ მოვლენებს ტელევიზიით ადევნებდა თვალს, თუმცა აღნიშნავს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა ვერ დაინახა ნანახ კადრებში.

მისი თქმით, ქიმიური საშუალებების, მათ შორის, წიწაკის სპრეის გამოყენება უკიდურესი საჭიროება უნდა იყოს, ნებისმიერი ძალის გამოყენებას კი ადეკვატური რეაგირება უნდა მოსდევდეს შესაბამისი გამოძიების სახით. მიუხედავად იმისა, გოგიას თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლება გამოძიების ობიექტურად წარმართვას შეძლებს:

“მე ყველაფერი არ მინახავს, ტელევიზიით ვადევნებდი თვალს და რთულია შეაფასო სპეციალური საშუალებების გმაოყენების აუცილებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, დახურულ სივრცეში ქიმიური საშუალებები გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო, თუ უკიდურესი საჭიროება არ იყო. ძალის ნებისმიერ გამოყენებას თან უნდა ახლდეს გამოძიება. იმის მოლოდინი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას და გარკვევას, რამდენად სწორად იქნა გამოყენებული ეს საშუალებები, ნაკლებად მაქვს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ძალის გამოყენებას უნდა მოსდევდეს ადეკვატური რეაგირება იმისა, თუ რამდენად სწორად იქნა ის გამოყენებული.

არის ნიშნები იმისა, რომ ის არ იქნა სწორად გამოყენებული იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში გამოიყენეს. ტელევიზიების კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს ოთახში შესვლას, მათ არ უშვებენ, რამდენად შეიძლება სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე ოთახში შესვლა, ეს მეორე საკითხია, ეს უნდა ყოფილიყო უკიდურესი აუცილებლობა, რაც ამ კადრებში არ ჩანდა. ეს უნდა ყოფილიყო გამოძიების საგანი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მმართველმა წარმომადგენლებმა უკვე მოგვახსენეს, რომ ეს იყო წარმატებული ოპერაცია. უკვე გამოაცხადეს დამნაშავედ ნიკა მელია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მძიმე საყურებელია”, – ამბობს გიორგი გოგია “ნეტგაზეთთან”.

Human Rights Watch-ის რეგიონული დირექტორის თქმით, სპეციალური საშუალებების გამოყენებას თავის წესები და სტანდარტები აქვს, თუმცა საქართველოში არასახარბიელოა სტატისტიკა პოლიციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გმაოძიების. გოგია ამბობს, რომ ამ სტანდარტების მიხედვით, ქიმიური საშუალებები დახურულ სივრცეში არ უნდა იქნას გამოყენებული, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის:

“ნებისმიერი სპეციალური საშუალების გამოყენება უკიდურესი აუცილებლობაა, რა საშიშროებაა, რა საფრთხეა, მისი გამოყენება უნდა მოხდეს კონკრეტული საფრთხის შემცველი დანაშაულის აღსაკვეთად, რომელსაც სხვა გზით ვერ შეძლებენ. იმ დროს პოლიციელს ემუქრებოდა საფრთხე? ვინ იყო საფრთხეში? ეს კითხვები რელევანტურია და ჩნდება. ნამდვილად იყო თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება, ჩემთვის ეს ნათელი არ არის. სხვა საკითხია, რომელ სპეციალურ საშუალებას გამოიყენებ. ასევე ძალიან ცუდია, რომ მოხდა მისი გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ ჰქონდათ მოქალაქეებს თავის შველის საშუალება”, – ამბობს გოგია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, არსებობს გაეროს სტანდარტები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება, იქნება ეს წიწაკის სპრეი თუ სხვა საშუალებები. პასიური წინააღმდეგობის დროს კი მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს.

კერძოდ, მისი თქმით, ეს უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულის აღკვეთისთვის უკიდურესი საჭიროება. Human Rights Watch-ის რეგიონული დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არც დანაშაული ჩანდა, რომელიც ასეთი გზით უნდა აღეკვეთად და არც ამ საშუალების გამოყენების საჭიროება:

“იმ სივრცეში, სადაც არ იყო ადეკვატური განიავების შესაძლებლობა და არც უსაფრთხო გასასვლელი არსებობდა, რომ ხალხს თავისთვის ეშველა… ასეთ პირობებში ქიმიური საშუალებების გამოყენებას შეიძლება გამოეწვია მძიმე ფიზიკური შედეგები, ასევე, დაზიანებები და ადამიანის სიცოცხლეც შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგა.

პასიურ წინააღმდეგობაში იგულისხმება, რომ აქ არ ხდებოდა თავდასხმა. როდესაც ადამიანს ესხმი თავს, აქტიურ წინააღმდეგობას უწევ. აქ არ იყო სიცოცხლის და უსაფრთხოების საფრთხე არც პოლიციელების და არც სხვა პირების მიმართ. სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდება, როდესაც ასეთი საფრთხე არსებობს და მისი გადაჭრის სხვა საშუალება – არა”, – ამბობს გიორგი გოგია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი