ახალი ამბები

გოგია 20 ივნისზე: ხელისუფლება ვალდებულია, გადამეტებული ძალის გამოყენება გამოიძიოს

21 აპრილი, 2021 • 792
გოგია 20 ივნისზე: ხელისუფლება ვალდებულია, გადამეტებული ძალის გამოყენება გამოიძიოს

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორის, გიორგი გოგიას შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას შეუძლია, პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს დემონსტრანტები, თუ მათ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ უნდა გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევები.

“ამნისტია არის პოლიტიკური აქტი და გამიჭირდება მისი სამართლებრივი შეფასება. მიუხედავად ამნისტიისა, მიმაჩნია, რომ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება სამართალდამცავთა მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების უმნიშვნელოვანესია. ამ გამოძიების მიზანი არა მარტო სისხლისსამართლებრივი დევნაა, არამედ გაკვეთილების სწავლა, თუ რა გაკეთდა არასწორად და როგორ უნდა შეიცვალოს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პრაქტიკა. დანარჩენი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების ამბავია. ამასთან, როცა საქმე შეეხება წამების ან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს, მათ შორის გადამეტებული ძალის გამოყენებას, ხელისუფლებას გააჩნია გამოძიების ვალდებულება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით”, — განუცხადა გოგიამ “ნეტგაზეთს”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზული დანაშაულების მიმართ, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. რადგან, მათი თქმით, მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენება იმ პირების მიმართ, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.

ამ თემაზე:

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი