კომენტარი

5 უფლება, რომელიც შესაძლოა, სააკაშვილის მიმართ დაირღვა — ინტერვიუ HRW-ის წარმომადგენელთან

9 ნოემბერი, 2021 • 1682
5 უფლება, რომელიც შესაძლოა, სააკაშვილის მიმართ დაირღვა — ინტერვიუ HRW-ის წარმომადგენელთან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე “ნეტგაზეთი” ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულ დირექტორს გიორგი გოგიას ესაუბრა.


– 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, როგორც თვითონ ამბობს, მოტყუებით, სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, სადაც ისმოდა პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები. სააკაშვილი ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, თვითონაც წინააღმდეგობა გასწია, ხოლო იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხეში გადაყვანისას?

— მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან  დაკავშირებით ადამიანის რამდენიმე უფლების საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პატიმარს, აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ჯანდაცვის საუკეთესო სტანდარტებთან, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში. სახალხო დამცველის მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომელიც ექიმთა კონსილიუმის მიერ იქნა დაყენებული. შესაბამისად, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება იკვეთებოდეს, არის ჯანმრთელობის უფლების დარღვევა.

მეორე საკითხია იძულებით გადაყვანა. სააკაშვილის შიმშილობა არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და, შესაბამისად, მისი ძალით გადაყვანა შეიძლება შეფასდეს, როგორც მისი გამოხატვის უფლებაში — შიმშილობაში ჩარევა. მოტყუებით გადაყვანა, ასევე, შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან შეიძლება, ეს აღქმული იქნას იძულებით მკურნალობად.

მესამე საკითხი, რომელიც იკვეთება, უკავშირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ეს მანამდე დაიწყო, როდესაც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, როგორ იღებს ის საკვებ დანამატებს. შეიძლება, ამ შემთხვევაში საქმე გვქონდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებს დარღვევასთან.

მეოთხე, — მოგეხსენებათ, ნებისმიერ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე არსებობს აბსოლუტური შეზღუდვა. სახალხო დამცველის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში მოხდებოდა მისდამი ღირსების შემლახველი მოპყრობა. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, შეძახილები, ასევე შეიძლება აღქმული იქნას, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, დაუშვებელი იყო და ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო, როგორც განეჭვრიტა, ისე თავიდან აეცილებინა ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

— პენიტენციურმა სამსახურმა უკვე მეორედ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ამსახველი ვიდეოკადრები [ექიმის ოთახში და საკანში ჩაწერილი]. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესაძლო დარღვევა თუ აიხსნება მაღალი საჯარო ინტერესით, რომელიც ობიექტურად არსებობს ამ საქმეში? 

— აუცილებელია ბალანსის დაცვა მაღალ საჯარო ინტერესებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის. იმ პირობებში, როდესაც ადამიანი შიმშილობს, შეიძლება, მის ნებაზე იმოქმედოს გავრცელებულმა კადრებმა და უფრო უკიდურეს ზომებამდე მიიყვანოს იგი, რა თქმა უნდა, ეს ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და საჯარო ინტერესებს შორის ირღვევა. ის კადრები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოყენებულ იქნა განცხადებებისთვის, რომ თითქოს ის არ შიმშილობს, გაკეთდა ღირსების შემლახველი კომენტარები. ექიმის ოთახში გადაღებული კადრების გავრცელება სხვა არაფერს ისახავდა მიზნად, თუ არა პატიმრის დისკრედიტაციას და სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციას იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას შეესრულებინა მისი უპირველესი მოვალეობა — სიტუაციის დეესკალაცია. შესაბამისად, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა იმ ბალანსის დარღვევას, რაც არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და მაღალი საჯარო ინტერესებს შორის.

— აუარესებს თუ არა კადრების გამოქვეყნების მსგავსი პრაქტიკა სხვა პატიმრების უფლებრივ მდგომარეობასაც და მათ ნდობას ციხის ადმინისტრაციის, სამედიცინო პერსონალის მიმართ?

— ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, ექიმთან ურთიერთობა არის სრულად კონფიდენციალური და მისი გასაჯაროება დაუშვებელია. ის, რომ ხდება კონკრეტულად ერთი პატიმრის წინააღმდეგ კონფიდენციალურობის დარღვევა, შეიძლება ნეგატიურად აისახოს სხვა პატიმრებზეც, ჩათვალონ რა, რომ თუ პოლიტიკური ინტერესი იქნება, მათი კონფიდენციალურობა ასევე შეიძლება დაირღვეს. სააკაშვილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის თავის საკანში კი არ იჯდა და არ იკვებებოდა, არამედ ექიმის დანიშნულებით იღებდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნუტრიციებს და ამ კადრების გასაჯაროება, სავარაუდოდ, არღვევს იმ კონფიდენციალურობას, რომელიც პაციენტსა და ექიმს შორის არის. სხვა არაფერს ემსახურებოდა ამ კადრების გასაჯაროება, თუ არა ძალიან ცუდ პიარ კამპანიას ხელისუფლების მხრიდან, თითქოს ის არ შიმშილობს. თუ არ შიმშილობდა, რატომ გახდა აუცილებელი ასე მოულოდნელად მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, არავის არ გაუცია პასუხი. შესაბამისად, მაღალი საჯარო ინტერესების გათვალისწინებით კი არ გასაჯაროვდა კადრები, არამედ  იყო მცდელობა, საზოგადოებრივ აზრზე მოეხდინათ გავლენა და სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაცია მომხდარიყო იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას განეხორციელებინა თავისი ვალდებულება სიტუაციის დეესკალაციისა ისე, რომ არ ყოფილიყო ადამიანის უფლებები დარღვეული.

— კადრების გამოქვეყნებამ სააკაშვილს უბიძგა შიმშილობის ფორმის კიდევ უფრო დამძიმებისკენ. ნაცვლად ამისა, როგორ უნდა ემოქმედა პენიტენციურ სამსახურს, რომ არ გაჩენილიყო კითხვები უფლებების დარღვევაზე? 

— აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაუშვებელია რამე სახის უხეში ჩარევა პატიმრის შიმშილობაში — არ შეიძლება მისი ძალით გამოკვება, ძალით მკურნალობა…

— მაშინაც თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება?

— იმ შემთხვევაშიც, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ჩარევის ზღვარი. მაგალითად, ყოვლად დაუშვებელია იძულებით გამოკვება ან იძულებით მკურნალობა. პატიმრის უფლებაა, მიმართოს რადიკალურ ზომას, როგორიცაა შიმშილობა. მაგრამ თუ პატიმარი თანახმაა, მიიღოს სამედიცინო დახმარება, მას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის საუკეთესო შესაძლებლობებზე, რომელიც ზოგადად ხელმისაწვდომია ქვეყანაში. გლდანის საავადმყოფოში არსებული პირობები, როგორც სახალხო დამცველმა შეაფასა, არ შეესაბამება კონსილიუმის მოთხოვნებს და არ აკმაყოფილებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ადამიანის უფლებებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს გააჩნია. სახელმწიფო ახლა ახდენს ხელახლა აღჭურვას მე-18 დაწესებულების, პერსონალის დამატებას თუ აპარატურის შეტანას, მაგრამ ეს არ არის ადეკვატური. რატომ აკეთებს ამას, რატომ იხარჯება იმაზე, როდესაც შეეძლო თავიდანვე მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა?! ეს ხომ არ არის გამონაკლისი? სხვა პატიმრებსაც აქვთ ხელმისაწვდომობა სამოქალაქო საავადმყოფოებზე. შესაბამისად, გაურკვეველია, რას ემსახურება სახელმწიფოს ეს ქმედება და დაჟინება, თუ არა იმას, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ — შეძახილები, უშვერი სიტყვები და გინება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაც წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას  და შეიძლება შეფასდეს ასევე ღირსების შემლახველ და არაადამიანურ მოპყრობად, შესაბამისად, კიდევ ერთი წინაპირობა იყო იმისა, რომ არ მომხდარიყო მისი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა.

— ხელისუფლების არგუმენტია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები შეეცდებიან არეულობის ორგანიზებას. რამდენად რაციონალურია შიში, რომ ვერ დაიცავდნენ სამოქალაქო საავადმყოფოს?

— სახელმწიფო ყოველდღიურად იცავს არაერთ სახელმწიფო ობიექტს ქვეყანაში. დღესაც ვიხილეთ ეს იუსტიციის სამინისტროსთან თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას უსაფრთხოება ქვეყანაში. თუ ვერ ახორციელებს რომელიმე საავადმყოფოს დაცვას, ეს ძალიან ცუდად მეტყველებს მის შესაძლებლობებზე, განახორციელოს მართვა ქვეყანაში.

— ახლა რაში ხედავთ გამოსავალს და არსებობს თუ არა რესურსი ვითარების დეესკალაციისთვის?

— პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რას ითხოვს პატიმარი. აუცილებელია, რომ არ მოხდეს მისი უფლებების შემდგომი დაღრვევა, არ მოხდეს გლდანის საავადმყოფოში მისი ნების გარეშე გაჩერება, არ მოხდეს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, არ მოხდეს მისი ძალით გამოკვება და ა.შ… ანუ პატივი ეცეს მისი გამოხატვის თავისუფლებას.

ასევე, მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოს უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ორ საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მისი გასამართლება მოხდა დაუსწრებლად. საერთაშორისო სტანდარტებით, დაუსწრებლად შეფარდებული მსაჯვრი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს, რომელიც დაწესებულია როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო პაქტით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება თავისი ნებით არ დაესწრო სასამართლო განხილვებს, დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლება ვალდებული იყო, მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება მიეცა და მომხდარიყო ხელახლა გასამართლება სასამართლოში, სადაც მიეცემოდა დაცვის სრული უფლებებით სარგებლობის საშუალება, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა პირველ შემთხვევაში. შესაბამისად, ასევე, იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა — 40 დღეზე მეტია დაკავებულია და ჯერ კიდევ არ მისცემია საშუალება, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. პროცესის ღიაობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას იმ საქმეებზეც, რომლებზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი