ახალი ამბები

ამ საქმის დაკავშირება, დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან მანიპულაციაა – თალაკვაძე ხაზარაძეზე

28 ივლისი, 2019 • 681
ამ საქმის დაკავშირება, დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან მანიპულაციაა – თალაკვაძე ხაზარაძეზე

პარლამეტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სპეკულაციას უწოდებს მოსაზრებას, თითქოს თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას უკავშირდებოდეს.

თალაკვაძე ფიქრობს, რომ თუ ხაზარაძე პოლიტიკაში აპირებს წასვლას, მაშინ ჯობია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე ამომწურავად გასცეს პასუხი.

“ჯერ ერთი, მათი პოლიტიკური გეგმების შესახებ ჩვენ კონკრეტული არაფერი მოგვისმენია.  ქვეყანაში ხედავთ რელობას, რომ ვინმეს  პოლიტიკური პარტიის შექმნის პრობლემა აქვს?! თუ ბატონი ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლასა და პარტიის შექმნას აპირებს, მაშინ ხომ არ ჯობია კითხვები, რომლებიც მასთან გამოძიებას აქვს, ამ კითხვებზე პასუხები იყოს გაცემული, რადგან პოლიტიკაში შესვლა კითხვების გარეშე უმჯობესია.

ვფიქრობ, ისევე როგორც ჯაფარიძე-ხაზარაძის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებში შედის ეს საქმე გონივრულ ვადაში ამოიწუროს. თუ გახსოვთ თავად ბატონი ხაზარაძე ლაპარაკობდა, ეს საქმე წამოიწყეს და თაროზე შემოდეს ჩემი რეპუტაციის დასაზიანდებაო.  პროკურატურამ გონივრულ ვადაში წარმართა ეს საქმე, მიიყვანა ბოლომდე და სასამართლოს გადასცა. ახლა ვაკრიტიკებთ [პროკურატურას] რატომ დაასრულა საქმე?! თუ პოლიტიკური ზეწოლისთვის სჭირდებოდა ეს საქმე, დაიწყებდა გამოძიებას, მიაყენებდა რეპუტაციულ ზიანს და ამ საქმეს აღარ დაასრულებდა. საზოგადოებრივი მოძრაობის შესახებ ხაზარაძემ განცხადება გააკეთა ივლისში, ხოლო საქმეზე გამოძიება დაიწყო თვეების წინ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ამის პირდაპირ მიბმა, ეს არის მანიპულაცია,”-განაცხადა “იმედის” ეთერში თალაკვაძემ.

9 ივლისს თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მოძრაობას“ აფუძნებს. ხაზარაძის თანახმად, „მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად“ სექტემბერში დააფუძნებს „საზოგადოებრივ მოძრაობას“, რომლის მთავარი მიზანი „ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი