ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის საბაჟო უარყოფს, რომ ჰეროინი საქართველოში აზერბაიჯანიდან შევიდა

2 თებერვალი, 2015 • 1673
აზერბაიჯანის საბაჟო უარყოფს, რომ  ჰეროინი საქართველოში აზერბაიჯანიდან შევიდა

ზულფუგაროვმა განაცხადა, რომ 2014 წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 2,8 ტონა თხევადი ჰერიონით დატვირთული სატვირთო მანქანის დაკავების შესახებ, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შევიდა.

 

“სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული საქმის წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკებით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებას საქრთველოში აზერბაიჯანის მხრიდან არ შეუღწევია. სატვირთო მანქანა, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, გასული წლის 11 ივლისს ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დააკავეს”, – განაცხადა ზულფუგაროვმა.

 

მისი თქმით, მანქანაში იყო ტვირთი, რომელიც საქართველოში მოქმედ თურქულ კომპანიას ეკუთვნოდა და მოლდოვაში გასაგზავნად იყო განკუთვნილი.

 

“საქმეზე დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე – გ. ცეცხლაძე და ე.გორგაძე, რომლებიც სატვირთო მანქანას მართავდნენ. ასევე, თურქეთის მოქალაქე შ. სემიზოგლუ, რომელიც დამკვეთი კომპანიის ხელმძღვანელია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლაძესა და სემიზოგლუს არასოდეს გადაუკვეთავთ აზერბაიჯანის საზღვარი. მესამე ეჭვმიტანილი გორგაძე კი აზერბაიჯანში შემთხვევიდან რამდენიმე ხნით ადრე იმყოფებოდა”, – აცხადებს ზულფუგაროვი.

მისი თქმით, გამოძიება გორგაძის აზერბაიჯანში ყოფნის ფაქტთან დაკავშირებითაც ჩატარდა.

 

“დადგინდა, რომ გორგაძე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გასული წლის 24 ივნისს ირანის მხრიდან “ასტარის” საბაჟო პოსტის გავლით შევიდა. ის მართავდა “მერსედეს ბენცის” მარკის ავტომობილს თურქული ნომრებით. ნაწილი ტვირთისა, რასაც თხევადი საპონი წარმოადგფენდა, განკუთვნილი იყო აზერბაიჯანისთვის, ნაწილი კი – საქართველოსთვის”, – განაცხადა ზულფუგაროვმა.

 

მისი თქმით, მარშრუტის გამო ავტომობილი და ტვირთი საეჭვოდ მიიჩნიეს და კონტროლი გაატარეს.

 

“ბაქოში სატვირთო მანქანამ კონტროლი გაიარა, რის შედეგადაც არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა”.

 

ზულფუგაროვის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებამდე სატვირთო მანქანა საბაჟო უწყების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ტვირთი დათვალიერდა ასევე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, რომლის დროსაც ასევე არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა.

 

მისი თქმით, მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ამ ამბიდან საქართველოს საბაჟო ორგანოებმა დააკავეს სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ისევ გორგაძე მართავდა.

 

“თხევადი ჰეროინის დიდი პარტიის ამოღება მოხდა  DAF-ის მარკის სატვირთო ავტომობილიდან, რომელსაც ქართული ნომრები ჰქონდა. ამდენად, მანქანა, რომელმაც აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა და მანქანა, რომელიც ბათუმში დააკავეს, სხვადასხვა  სატრანსპორტო საშუალებებია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ განცხადება, თითქოს ნარკოტიკებით დატვირთულმა ავტომობილმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაიარა, უსაფუძვლოა”, – განაცხადა ზულფუგაროვმა.

2014 წლის 11 ივლისს შსს-მ და ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების  სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც ბრალად 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინის ტრანსპორტირება ედებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. 14 ივლისს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დააზუსტა, რომ ნარკოტიკი ავღანეთიდან მოდიოდა და სარეალიზაციო სივრცედ, სავარაუდოდ, ევროპა განიხილებოდა.


თხევადი ჰერიოინი
თხევადი ჰერიოინი



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი