ახალი ამბებირეკლამა

კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა

28 ივლისი, 2019 • 1147
კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. საჭიდაო არენაზე ორთაბრძოლა ოთხი წონითი კატეგორიის მოჭიდავეებს შორის შედგა. ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილები.

ტურნირში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მყოფმა შვედმა ძიუდოისტებმა ნოა სვონლინგმა და ისააკ ლარსონმა.

გამარჯვებულები ოთხივე კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ სიგელები, მედლები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი საჩხერელმა ონისე ბუღაძემ გაიმარჯვა, რომელიც ქართული ჭიდაობის სიმბოლოდ აღიარებული ყოჩით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას ესწრებოდა თავად მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ასევე, ქართველი ფალავნები, გამგეობისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

ქართული ჭიდაობის წარმოშობა უძველეს ხანას უკავშირდება და მას თავდაპირველად საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ქართული ჭიდაობის ცენტრად თბილისი იქცა, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაცადი ფალავნები. სპეციალურად ამ მიზნით, საჭიდაო მოედნებიც კი არსებობდა. თავდაპირველად, ასეთი საჭიდაო მოედანი მთაწმინდაზე ყოფილა.

გასული წლის ნოემბერში „იუნესკომ“ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი