ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალები ფარული მოსმენებიდან – თიბისი ბანკის საქმე

27 ივლისი, 2019 • 2601
პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალები ფარული მოსმენებიდან – თიბისი ბანკის საქმე

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეში დევს ფარული სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალებს შეიცავს. 

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ 26 ივლისს განაცხადა, რომ საქმის მასალების მიხედვით, რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად უსმენდნენ 20-მდე პირის სატელეფონი საუბრებს სასამართლოს სანქციის საფუძველზე და საქმის მასალების ორი ტომი სწორედ ამ მიყურადების კრებსს წარმოადგენს. 

„ვერ გავიგე ეს მოსმენები რატომ დაურთო პროკურატურამ, ორი ტომი, მაგრამ მე, როგორც ადვოკატი, ვალდებული ვარ გავეცნო საქმის მასალებს. იმ მასალებში ისეთი ადამიანის მოსმენები ვნახე, რომელიც ჰყვება მისი პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალების შესახებ.  ერთი ადამიანი მეორეს უყვება ამ ტრაგიკული ცხოვრების დეტალებს, არ დავაკონრეტებ, საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს, სატელეფონო კრეფსია და გაშიფრულია მთლიანად. რატომ დევს, არ ვიცი. ორი ტომია მოსმენა. მეხუტე მეექვე ტომი”, – განაცხადა კორძაძემ 26 ივლისს  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ . 

პროკურატურას ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია რატომ დევს პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში. 

კორძაძემ განაცხადა, რომ საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ფარულად უსმენდა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და  ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ტვ “პირველის” მფლობელ ვატი წერეთელს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს და სხვებს – 20 -მდე ადამიანს. 

26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო დააკისრა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე შეუზღუდა ქვეყნის დატოვების უფლება გამომძიებლის თანხმობის გარეშე. 

ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე ანაკლიის პორტს უკავშირდება. https://netgazeti.ge/news/383799/

მასალების გადაბეჭდვის წესი