“ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და მალე წავლენ სახლში”, – განაცხადა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მას, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს.
“ საბედნიეროდ, ზოგი ჭირი მარგებელია. მე დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, სასამართლოში სხვა დროს არ მქონია საქმე, რა ჭაობშია ქვეყანა. ამას არ ვამბობდი, როცა ვიყავი თიბისი ბანკის თავმჯდომარე და ყოველთვის ვცდილობდი ჩემი სათქმელით სხვების ინტერესი არ დამეზიანებინა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ ჩვენ ქვეყანა არა გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუციები არის თავიდან ასაშენებელი.
ძალიან მიხარია ის გადაწყვეტილება, რაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე – საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. ის იქნება ფართომასშტაბიანი მოძრაობა, აქ იქნება ის ძალა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც ებრძვის ოკუპაციას და იქ არ იქნება ერთპიროვნული მმართველობა.
ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე. ის არის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები, მაგრამ ეს ბრძოლა გაგრძელდება, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს და ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცეს. ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და სახლში წავლენ”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მან დასძინა, რომ ხალხი, ვინც იფიქრა, რომ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეცვალა, რაღაც შეიცვლებოდა, “ორი უკიდურესობის მსხვერპლი” აღმოჩნდა.