ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში “ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონში ცვლილებების ამოქმედება 1 ივლისამდე გადაიდო

31 იანვარი, 2015 • 1578
სომხეთში “ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონში ცვლილებების ამოქმედება 1 ივლისამდე გადაიდო

კანონში ცვლილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ პრემიერ-მინისტრის, ოვიკ აბრამიანისა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.


მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, 1 ივლისამდე უნდა შემუშავდეს ისეთი საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც უფრო ხელსაყრელ პირობებს შექმნის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს ეხება იმ მოვაჭრეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 58 მილიონ 350 ათას დრამს შეადგენს (დაახლოებით 100 ათასი აშშ დოლარი).

 

2015 წლის 1 თებერვლიდან სომხეთში ძალაში უნდა შესულიყო “ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ვალდებული იქნებიან სომხეთის ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში და ანგარიშ-ფაქტურა ყველა პროდუქციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან საგადასახადო სამსახურის მიერ.

 

ამ ცვლილებამ ბიზნესმენთა პროტესტი გამოიწვია. ისინი აცხადებდნენ, რომ ახალი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, რადგან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად არ აწვდიან დოკუმენტაციას საქონელის შესახებ.


ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი
ბიზნესმენების აქცია სომხეთში; ნეტგაზეთი

 

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები სომხეთში 26 იანვარს დაიწყო. 27 იანვარს ერევანში გამართულ აქციას დემონსტრანტებმა უწოდეს “უგულებელყოფა უგულებელყოფის წინააღმდეგ”. ამ დროს ისინი პარლამენტის შენობისკენ ზურგით იდგნენ.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი