“რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის ახალი შეთანხმების მომზადებისა და ხელმოწერის იდეა დაკავშირებულია იმ გამოწვევებთან და საფრთხეებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს ექმნება როგორც მთელ მსოფლიოში, ისე კავკასიაში. ამ გამოწვევებსა და საფრთხეებზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოვახდინოთ. სწორედ ამის პასუხია შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ ინტეგრაციას და, პირველ რიგში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ერთიანი სივრცის შექმნას”, – განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტს შეიძლება ეწოდოს “ეროვნული”, რადგანაც მასში გარკვეულწილად ასახულია სამხრეთ ოსეთის საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ოსური დიასპორის წარმომადგენელთა წინადადებები.
თიბილოვის განცხადებით, დოკუმენტში “სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციასა და რესპუბლიკის კონსტიტუციის ნორმების დარღვევაზე საუბარიც კი გამორიცხულია”.
“თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი სრულიად აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობას. უფრო მეტიც, ჩემი, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის გარანტის მიერ, ეს თავიდანვე პრიორიტეტულ საკითხად იქნა დაყენებული ყველას წინაშე, ვინც დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდა”.
თიბილოვმა აღნიშნა, რომ შეთანხმებას, რომელიც ნამდვილად პასუხობს როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე რუსეთის ინტერესებს, სახელმწიფოს მეთაურები ხელს შესაბამისი პრეცედურების გავლის შემდეგ მოაწერენ, წერს სააგენტო “რესი”.
შეთანხმების პროექტის ბოლო ვარიანტის შემუშავებამდე დოკუმენტის ოთხი ვერსია გამოქვეყნდა: რუსული მხარის მიერ თავდაპირველი შემუშავებული პროექტი, პარტია “ახალი ოსეთის” ლიდერის დავიდ სანაკოევის მიერ წარმოდგენილი ვარიანტი, პარტია “ერთიანი ოსეთის” ვარიანტი და 21 იანვრის რედაქციით გამოქვეყნებული ვერსია, რომელიც პოლიტსაბჭომ დაამტკიცა და დასამუშავებლად ერთობლივ სამუშაო ჯგუფს გადასცა.
![]() |
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |

