ახალი ამბები

სალიას შევხვდით და ალბათ, უახლოეს პერიოდში შევხვდებით ქიბარ ხალვაშსაც – დვალი

26 ივლისი, 2019 •
სალიას შევხვდით და ალბათ, უახლოეს პერიოდში შევხვდებით ქიბარ ხალვაშსაც – დვალი

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის ინფორმაციით, ის და ჯარჯი აქიმიძე გუშინ შეხვდნენ “რუსთავი 2”-ის ახალ დირექტორს, პაატა სალიას.

“პირველი  ნაბიჯი გადაიდგა – გუშინ საღამოს შევხვდით პაატა სალიას. ქიბარ ხალვაში არ დაგვკავშირებია. ითქვა, რომ ალბათ უახლოეს პერიოდში შედგება შეხვედრა [ხალვაშთან]”, – განაცხადა დვალმა.

მისი თქმით, პაატა სალიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

“ინფორმაცია გავცვალეთ. არაფერი მნიშვნელოვანი. როგორც შთაბეჭდილება დამრჩა, ეს იყო შემზადება მომავალი შეხვედრისთვის”, – დასძინა დავით დვალმა.

მისივე თქმით, პაატა სალიას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, ძალაშია თუ არა ქიბარ ხალვაშის შეთავაზება დავით დვალისადმი “რუსთავი 2”-ის დირექტორობასთან დაკავშირებით. დავით დვალის თქმით, მისთვის რჩება წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში შეთავაზებას ვერ მიიღებს.

“მე მაქვს წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ “რსუთავი 2″ დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, თავისუფალი ტელევიზია. თუ ამის გარანტია არ იქნება, მე წინადადებას ვერ მივიღებ. ამ ეტაპზე ვხედავ ხიფათებს, თუმცა ქიბარ ხალვაშთან საუბრის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება ვთქვა, რა და როგორ არის”, – განაცხადა დვალმა.

2017 წელს რ2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, ასევე არხის გენერალურ დირექტორად დანიშნავდა დავით დვალს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წილების 50-50%-ზე გაყოფის შემთხვევაში ხალვაში დამოუკიდებლად დვალის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, შესაბამისად, მენეჯმენტზე გავლენა დვალსა და აქიმიძეს ექნებოდათ. ის, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა, ადასტურებდა ორივე მხარე- დვალი/აქიმიძეც და ქიბარ ხალვაშიც. ხალვაში ამბობდა, რომ მას გარკვეული დამატებითი პირობებიც ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი