ახალი ამბები

შსს: ოქრუაშვილის გარდა 20-21 ივნისის საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

25 ივლისი, 2019 • 1681
შსს: ოქრუაშვილის გარდა 20-21 ივნისის საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. უწყეაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოქრუაშვილის გარდა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში” ,- აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დანარჩენ 4 დაკავებულს, შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და პარლამენტში შეჭრას ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ:

“აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას” ,- ამბობენ უწყებაში.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის 17 პირს აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, დეპუტატ ნიკა მელიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

შსს-ს კადრები 20-21 ივნისის ღამეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოქრუაშვილისა და კიდევ 4 პირის მიმართ ბრალდების გასამყარებლად ვიდეომასალას ავრცელებს. ვრცლად: https://netgazeti.ge/news/383426/

Posted by netgazeti.ge on Thursday, 25 July 2019

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი