ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

25 ივლისი, 2019 • 3933
ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. როგორც მისმა თანაპარტიელმა გუბაზ სანიკიძემ ნეტგაზეთს უთხრა, დაკავება 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. დაკავება ქუჩაში განხორციელდა ტელეკომპანია რ2-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

ამავე საქმეზე, როგორც ცნობილია, სულ 10-მდე ადამიანია ბრალდებული, მათ შორის პოლიტიკური ლიდერი ნიკა მელია.

შსს-ს ოქრუაშვილის დაკავება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მან განაცხადა, რომ რ2 მისია და აქვს დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში ხელმოწერით ადასტურებს, რომ ის ნომინალური პირი იყო და ტელევიზია ვარდების რევოლუციის დროს რეალურად ოქრუაშვილმა იყიდა. ხალვაში დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე  განაცხადა, რომ 2014 დან 2016 წლამდე პროკურატურაში საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა. მისი თქმით, მერაბიშვილის, ადეიშვილის და საკაშვილის საქმეებზე მის მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი ობიექტური იყო, ნაწილი კი- ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ნათქვამი.


ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე 23 ივლისს გამოკითხეს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი გამოკითხვის საჭიროება ვერ დაინახა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იმ დროის მონაკვეთისა და კითხვების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაუსვეს.

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის თქმით, საკმაოდ კარგ სახუმარო ხასიათზე იყო და კითხვებსაც ხუმრობით უპასუხა:

კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და თუ ვაპირებდი, რა მიზნით, ვუპასუხე – ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპტუტატი და 3 თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარალმენტი უფლებამოსილება შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მკითხეს, რატომ აპირებდი წინიდან შესვლას და ვუპასუხე, რომ მეგონა, ბუღალტერია წინიდან იყო. მერე მითხრეს პოლიციელებმა, არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს მითხრეს – არა, ხელფასს არ მოგცემთო”.

მისი თქმით, ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – რას მოიმოქმედებდა, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა, რაზეც უპასუხა:

ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის უფრო მეტი გართულება არ მომხდარიყო.

ამის შემდეგ, როგორც ოქრუაშვილი ამბობს, ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა დაუსვეს – იცით თუ არა ის, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება, რაზეც უპასუხა, რომ იცის”.

რაიმე სახის მოლაპარაკებები ან კონსულტაციები პოლიტიკური მოთხოვნების შეჯერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა, ამის შესახებაც დაისვა კითხვა და, ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. ერთად შევჯერდით 3 მაღალჩინოსნის გადადგომის მოთხოვნაზე პოლიტიკოსებს შორის, მეტი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვაპირებდით აქციაზე ამ მოთხოვნების გაჟღერებას და ამ მოთხოვნების ხელისუფლებისადმი წაყენებას”, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა პარლამენტის წინ, წინა რიგებში იდგა და ხალხს აშოშმინებდა:

თუ კარგად გინდათ ამაში გაერკვეთ, ამოიღეთ კადრები – გვერდითა მხრიდანაც და წინა მხრიდანაც ვჩანვარ წინა რიგებში და ხალხს მეტ-ნაკლებად ვაწყნარებ.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილიც უნდა გამოიკითხოს, რადგან, მისი თქმით, სწორედ ის არის ამ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები:

ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა ვერავინ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილებას. ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები.”


ქავერის სქრინი © რადიო თავისუფლება


საქმე, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი გამოიკითხა, ეხება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. ოქრუაშვილის გარდა, ამ დროისთვის გამოკითხულები არიან: გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ბარამიძე და გუბაზ სანიკიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დღეის მდგომარეობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის, პარლამენტის წევრი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. მელიას სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან 20-21 ივნისს აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, გენერალურმა პროკურატურამ ამ ბრალდებით ჯერჯერობით მხოლოდ 2 პოლიციელი დააკავა.

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ამავე თემაზე

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

მასალების გადაბეჭდვის წესი