ახალი ამბები

კარვის გამოყენების შეზღუდვა სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს – ლომჯარია

25 ივლისი, 2019 • 790
კარვის გამოყენების შეზღუდვა სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს – ლომჯარია

სახალხო დამცველი მალხაზ მაჩალიკაშვილისათვის კარვის გაშლაში ხელშეშლას ეხმიანება. ნინო ლომჯარიას თქმით, აღნიშნული აქტივობა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებულ უფლებათა ნაწილია და მის შეზღუდვას დასაბუთება სჭირდება.

“საპროტესტო აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ისევე დასაბუთებული, როგორ ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.

არსებულ არასწორ პრაქტიკასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი და იმედია, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითთან მიმართებით განმარტებას გააკეთებს”, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

დღეს, 25 ივლისს, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინა. სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, უნდა აიყაროს ფილები და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის. პოლიცია ვერ აკონკრეტებდა, როდიდან იწყება ტერიტორიის რეაბილიტაცია.

მცირე ხნის შემდეგ, თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს, რომ კარავს დაგეგმილი სამუშაოების გამო ვერ დადგამდა, ვიცემერმა უპასუხა:

“მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მასშტაბით ყოველთვის გვაქვს ჩვენ მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები დაზიანებული მონაკვეთებისა. შეიძლება, ასეთი რაღაც იყოს რუსთაველზეც და ეს ჰქონდათ ალბათ სამართალდამცავებს მხედველობაში. მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს”.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი თვეების განმავლობაში ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისი თქმით, კარავი პოლიციამ წაიღო და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. მაჩალიკაშვილი დღეს უფრო პატარა კარვის დადგმას აპირებდა.

რატომ არ გააშლევინეს მაჩალიკაშვილს კარავი? – პასუხს ის მერიისგან და შსს-სგან ელის

მასალების გადაბეჭდვის წესი