ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პენსია რუსეთის პენსიას გაუთანაბრდება

30 იანვარი, 2015 • 1101
აფხაზეთში პენსია რუსეთის პენსიას გაუთანაბრდება

აფხაზეთის სახალხო კრების სოციალური პოლიტიკის, შრომის და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის  ლეონიდ ჩამაგუას განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების 15-ე მუხლში საუბარია აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ.

 

“ხელშეკრულებაში საუბარია იმის შესახებ, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში, რუსეთი სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს პენსიებით, რომელიც არ ჩამოუვარდება სამხრეთ ფედერალური ოლქის საშუალო საპენსიო უზრუნველყოფას, “ – აღნიშნა ჩამაგუამ.


დოკუმენტის თანახმად, სამი თვის განმავლობაში უნდა შემუშავდეს საპენსიო შეთანხმება, რომელშიც ძირითადი ეტაპები იქნება განსაზღვრული. ჩამაგუას აზრით, შეთანხმების არსებული პროექტი გაუმჯობესებას საჭიროებს, რადგან არ შეესაბამება საბაზო შეთანხმების ნორმებს.


“ახალი შეთანხმების  პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვთავაზობენ სამი წლის განმავლობაში გავზარდოთ პენსიის მოცულობა, მაგრამ საპენსიო მინიმუმად იღებენ  2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ მონაცემს”, – აცხადებს ჩამაგუა.


მისი თქმით, პენსიის ოდენობის ფიქსირება, ინდექსის მატებასთან ერთად, ყოველი წლის დასაწყისში უნდა მოხდეს.


აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმება ითვალისწინებს სოციალური სტანდარტების ამაღლებასაც, მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფას, სამედიცინო და სოციალურ დაზღვევას, ჯანდაცვის, განათლების და მეცნიერების სფეროს თანამშრომლების ანაზღაურების მომატებას და ამ სტანდარტების ეტაპობრივად რუსეთის დონემდე მიყვანას, წერს “სპუტნიკ აფხაზია”.

 

ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა შეთანხმების ხელმოწერის დროს, 2014 წლის 24 ნოემბერი, სოჭი; ფოტო: ru.rfi.fr
ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა შეთანხმების ხელმოწერის დროს, 2014 წლის 24 ნოემბერი, სოჭი; ფოტო: ru.rfi.fr



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი