ახალი ამბები

ქობულია არ აკონკრეტებს, მოიაზრებს თუ არა თავს ხაზარაძის მიერ დაანონსებულ მოძრაობაში

25 ივლისი, 2019 • 1180
ქობულია არ აკონკრეტებს, მოიაზრებს თუ არა თავს ხაზარაძის მიერ დაანონსებულ მოძრაობაში

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ აკონკრეტებს, მოიაზრებს თუ არა თავის თავს მოძრაობაში, რომლის შექმნაც ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დააანონსა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პოლიტიკაში წასვლა არ გამორიცხა. ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ქობულიამ თქვა, რომ ეს განზრახვა დღის წესრიგში რჩება, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, მოიაზრებს თუ არა თავის თავს ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობაში, ქობულია ამბობს:

“ჯერჯერობით თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან, როგორც კი ჩამოვყალიბდებდი, ეს ცნობილი გახდება”, – განაცხადა ქობულიამ ტვ პირველის ეთერში.

მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მოძრაობას“ აფუძნებს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი ის აქტიურად გამოჩნდება პოლიტიკურ ველზე? პოტენციურად რა ტიპის ამომრჩეველი ეყოლება (და ვისი ამომრჩევლის მიმხრობის შანსი გაუჩნდება) მას/მის გუნდს, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა? – წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი