ავტორი: დავით ჯიშკარიანი
პოლიტიკოსებსა და მათ დაქვემდებარებულ ინტელექტუალურ ელიტებს ცხოველური ჟინით სურთ, რომ ისტორია და მეხსიერება ისე წაშალონ, როგორც სასკოლო დაფა იშლება გაკვეთილის შემდეგ.
ამის მერე ისინი იმავე დაფაზე საკუთარი, „ჭეშმარიტი“ ისტორიის წერას იწყებენ. ახლად დაწერილი ისტორია კი არა არქივებში, ბიბლიოთეკებში და ინტელექტუალთა გონებაში გადამუშავებული ტექსტი, არამედ დაქვემდებარებული მედიისა და მედიაექსპერტების მიერ შემოთავაზებული ზერელე ხედვებია პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად.
ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც დამოუკიდებელი ინტელექტუალური შრომა და თავისუფალი მეცნიერება ჰქვია.
2019 წლის 9 ივლისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიაზე ისაუბრა, რასაც გულისწყრომა და ბრაზი მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. პუტინისათვის მსგავსი განცხადება არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი იქნება. ის ხშირად გვევლინება „ისტორიის მასწავლებლად“. ხშირად „შეახსენებს“ ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ისტორიულ ფაქტებს. ის აქტიურად იყენებდა ისტორიულ დისკუსიას ყირიმისს ანექსიის დროს. საუბრობდა 1783 წელზე, როდესაც ყირიმი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა; მეორე მსოფლიო ომსა და ქალაქ სევასტოპოლის საომარ მოქმედებებზე. 9 ივლისს ეკატერინებურგში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, უფრო მეტიც, მათ ერთ ნაციად მიიჩნევს.
ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ საქართველოში მოულოდნელად ისტორიის მიმართ ინტერესი გაიზარდა, უფრო სწორად, გაახსენდათ. სოციალურ ქსელებში ადამიანები დოკუმენტების კრებულებს, ისტორიულ წყაროებს, საჯაროდ ვერბალურ პასუხებსა და „ისტორიული ღირსების“ დაცვას ითხოვდნენ. მოხდა პოსტკოლონიური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სინდრომის გაღვივება, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოფილ მეტროპოლიაში რას იტყვიან მასზე.
ისტორიის შესწავლა, ანალიზი, საკუთარი სოციუმის წარსულის ცოდნა მხოლოდ იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ ეროვნული ღირსება დაგვეცვა პუტინის წინაშე. პუტინის, რომელიც მსგავს განცხადებებს წელიწადში რამდენჯერმე აკეთებს.
საზოგადოებამ ისტორიკოსებისაგან მოითხოვა, რომ ისინი ყოფილიყვენენ „ერის ჯარისკაცები“ და დაეცვათ სამშობლოს ღირსება.
ვლადიმერ პუტინი გამოცდილი პოლიტიკოსია და მანიპულაციებიც მისთვის უცხო არაა. საერთო ჯამში, ის 19 წელია რუსეთს მართავს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება არა ისტორიული დისკუსიის ნაწილი, არამედ პოლიტიკური გზავნილი იყო, რომელიც არ ჯდება ისტორიის დისკუსიის ფორმატში.
ამიტომ, საუბარს იმის შესახებ, იყო თუ არა 1774 წელს სამხრეთ ოსეთი, შედიოდა თუ არა საქართველო აფხაზეთის შემადგენლობაში, აზრი არ აქვს.
“ასწავლე პუტინს საქართველოს ისტორიაც” მხოლოდ ჩვენი, შიდა ნაციონალური ემოციების დაკმაყოფილების პრიმიტიული მიდგომაა. მას რომ ისტორიის გაგება სდომოდა, რუსეთში არსებულ ისტორიკოსებს დაეკითხებოდა. რუსეთში კი ბევრნაირი ისტორიკოსები არიან. არიან, რომლებიც ნებისმიერ რეჟიმს გაამართლებენ, არსებობენ საშუალო დონის ტექნოკრატი ისტორიკოსები და არიან ბრწყინვალე ისტორისკოსებიც. საქართველოს ისტორია ბევრმა თუ არა, რამდენიმემ ნამდვილად იცის.
რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინს მათთან კონკულტაციის გავლაც შეეძლო და მეტის გაგებაც. უბრალოდ, ეს არ სჭირდებოდა. აქ არაა ისტორიაში წიაღსვლის დრო, აქ მანიპულირებაა საჭირო. მანიპულირებას კი მარტივად ექვემდებარება საზოგადოება, რომელშიც ინტელექტუალური დისკუსიები პრაქტიკულად არ არსებობს და აკადემიური სივრცე დაცლილია აკადემიურობისგან.
სკოლაში ნასწავლი და გაგონილი ამბები ხშირად ისტორია არაა, მისი მიზანი მეხსიერების ფორმირებაა და არა ისტორიის პროცესის არსის გაგება.
საქართველოში გვასწავლიან სკოლაში, რომ საქართველო ყოველთვის არსებობდა. მაგრამ ყურადღებით თუ დავუკვირდებით, ჩვენი ისტორიის ხიბლიც ხომ ის არის, რომ იყო გაერთიანებული სამეფო, სამეფოებად დაშლილი და ერთმანეთან ომის პერიოდიც, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის ხანა, დამოუკიდებლობა, ამერიკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციის წევრობაც ხომ იყო. ეს უკანასკნელი უნიკალური ფედერაციული მოდელია, რომელიც 1922 წელს საბჭოთა კავშირმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა და მთელი სამხრეთ კავკასია 14 წელიწადი (1922-1936) ერთ ფედერაციაში ცხოვრობდა.
დიახ, იყო დრო, როდესაც სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები, აფხაზები, ქურთები, ოსები და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ხალხები ერთ ფედერაციაში ცხოვრობდნენ. მათ ერთი ბიუჯეტი, საერთო ფეხბურთის ჩემპიონატი და კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტიც კი საერთო ჰქონდათ. სხვათა შორის, აი, ის ცნობილი ქართული კულტურის დეკადა, 1936 წელს კრემლში რომ ჩატარდა ამიერკავკასიის ხალხთა კულტურის დეკადა უნდა ყოფილიყო.
ჩვენ ისტორიაში ამ კატეგორიებზე, ამ ფენომენებზე არ ვსაუბრობთ და მერე გვიკვირს, პუტინმა როგორ გაგვიბედაო. ძალიან მარტივად გაგვიბედა იმიტომ, რომ ჩვენ ბეჩავები ვართ უცოდინრობის გამო. მხოლოდ საამებელი სიტყვები და დაყვავება გვსიამოვნებს. ისტორიაც მარტივ კატეგორიად, კარგად ან ცუდად, პოზიტიურად ან ნეგატიურად გვესმის. პრიმიტიულად გვესმის ძალიან რთული და კომპლექსური პროცესები.
ისევ ვართ იმ ჩარჩოში მოქცეული, რომ მის მიღმა სამყაროს დანახვა გვიჭირს. ჩვენ დამოუკიდებლობა ვერ შევძელით. ეს უკანასკნელი ბევრი ნაბიჯის გადადგმას გულისხმობს, რომელიც შენ გჭირდება. იგივე ეხება ისტორიას, როგორც მეცნიერებას.
დამოუკიდებელმა საქართველომ ისტორიის შესწავლა ვერ, უფრო სწორად, არ მოახდინა. ამისათვის ელიტები არ შეწუხდნენ. საქართველოში არქივში მისულ ადამიანს არქივის ადმინისტრაცია ცხვირწინ უკეტავს საარქივო ფონდებს და ეუბნება, რომ საბუთები არ გაიცემა. პუტინი რომ ილაპარაკებს ისტორიაზე, მერე გაგვახსენდება დოკუმენტები და კრებულები. თუმცა ეს ყველაფერი შესაბამის საცავებში ინახება. უახლესი ისტორიის შესწავლა დოკუმენტების სიძვირისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუგებარი კონცეფციის გამო შეუძლებელია. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზეზით ხშირად არ იძლევიან დოკუმენტებს, რომელთა 75 წლის ხანდაზმულობის ვადა არ გასულა. გამოდის, რომ დღეის მონაცემებით, 1944 წელს ზევით კვლევა პრაქტიკულად შეუძლებელია ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი.
პუტინმა თავის განცხადებაში სტალინი, ბერია და აფხაზეთი ახსენა. ის სასამართლო და პოლიტიკური პროცესები, რომლებიც აფხაზეთში იმართებოდა 1955-1956 წლებში, რომლებიც მის მანიპულაციას პასუხს გასცემდა, ხელმიუწვდომელია. ამ რეაბილიტაციის მასალების სანახავად კიდევ 11-12 წლის ლოდინი მოგვიწევს, რადგან მასალების შექმნიდან ჯერ მხოლოდ 63-64 წელია გასული.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ისტორიულ წიაღსვლებს სრულაიდ სხვა რეაქცია მოჰყვა აფხაზურ საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში აფხაზურმა ნარატივმა „დიდი მფარველი“ იპოვა. გამომცემლობა “ეხო კავკაზის” სტატიაში აფხაზი ისტორიკოსები უფრო შორს მიდიან. ისტორიკოსი ასლან ავიძბა აღნიშნავს, რომ პუტინი იცნობს აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოს, რადგან იმოწმებს იმ ფაქტებს, რომლებიც აფხაზეთის ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოშია მოცემული.
აქვე მწუხარებით აღნიშნავდნენ, რომ 1918 წლის ამბებსა და გერმანული ჯარის მონაწილეობაზე აფხაზეთში ცოტა იწერება. მომავალ სახელმძღვანელოში ამ ნაწილზე, სავარაუდოდ, მეტი ყურადღება გამახვილდება, გასაგებია რატომაც.
ვლადიმერ პუტინი მანიპულაციებს გააგრძელებს, მას ეს კიდევ დასჭირდება. სანამ პუტინს ფბ-ის პოსტებით და ქართულენოვან მედიაში გამოქვეყნებული სტატიებით ისტორიას ვასწავლით, სჯობს გავხდეთ დამოუკიდებლები და ის, რაც ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის, იმაზე უფლება მოვითხოვოთ. პუტინამდე ისტორია საკუთარმა ხელისუფლებებმა წაგვართვეს, რომლებიც მუდამ მართალნი ოპოზიციაში ყოფნისას არიან, ხოლო ხელისუფლებაში აუცილებლად იცავენ „სახელმწიფოს ინტერესებს“. ელიტებს ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ სახელმწიფო ეს ჩვენ ვართ, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ გვჭირდება საკუთარი წარსულის ანალიზი. ანალიზისთვის კი გვჭირდება ხელმისაწვდომი საარქივო მასალები, თავისუფალი საჯარო სივრცეები და აკადემიური გარემო, სადაც ადამიანები იკვლევენ, აზროვნებენ და ერთმანეთისგან მიჯნავენ პროპაგანდასა და მეცნიერებას.