ახალი ამბები

NGO-ები იუსტიციის საბჭოს მხრიდან გენდერულ დისკრიმინაციაზე მიუთითებენ

24 ივლისი, 2019 • 926
NGO-ები იუსტიციის საბჭოს მხრიდან გენდერულ დისკრიმინაციაზე მიუთითებენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 22-23 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების – ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრების პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტს ეხმაურება.

კოალიციის შეფასებით, ქალებისათვის იმგვარი სამუშაო პირობების განსაზღვრა, რომელიც გამორიცხავს მათი მხრიდან ბავშვებზე ზრუნვას და დედის მოვალეობების განხორციელებას, თავისი არსით, ირიბ დისკრიმინაციას წარმოადგენს. ამასთან, სამუშაო საათების მიღმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გაგრძელება აზიანებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარისხსაც.

“ყოველგვარი ნორმირებული დროის უგულებელყოფით გასაუბრების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხავს კანდიდატების სრულფასოვან, ხარისხიან შეფასებას, აზიანებს როგორც კანდიდატის, ისე საბჭოს წევრების, საბჭოს აპარატის და პროცესზე დამკვირვებელი პირების ინტერესებს. საბჭოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობად შეიძლება შეფასდეს”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ვინაიდან საქართველოში გენდერული სტატისტიკის შეგროვება ჯერ კიდევ ხარვეზებთან არის დაკავშირებული, არანორმირებული სამუშაო საათების დაწესებით, ქალების მიმართ შექმნილი არახელსაყრელი პირობების დასაბუთებისათვის კოალიცია ეყრდნობა ევროკომისიის უახლეს სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად (65.3%) ჩამორჩება კაცების დასაქმების მაჩვენებელს (76.8%). ეს იმ ფონზე, როდესაც უმაღლესი განათლების მქონე ქალთა რაოდენობა აღემატება უმაღლესი განათლების მქონე კაცების რაოდენობას მთელ რიგ ასაკობრივ ჯგუფებში.

“სწორედ არანორმირებული სამუშაო საათები და ბავშვების საჭიროებაზე მორგებული სამუშაო გრაფიკის უქონლობა აიძულებს ქალების უმრავლესობას, უარი თქვას სამსახურზე და კარიერულ წინსვლაზე. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორების გავლენა ქალებზე არაპროპორციულად მძაფრია კაცებთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დასაქმების სფეროში უმეტესად მიიღება გადაწყვეტილების მიმღები კაცების მიერ, რომელთაც ძირითადად არ გააჩნიათ ემპირიული გამოცდილება ბავშვებზე ზრუნვის არაპროპორციულად დიდი ტვირთისა, რაც დაკავშირებულია კულტურულად გამყარებულ გენდერულ როლებთან და სტერეოტიპებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მოთხოვნა სამუშაო დროის ზრუნვის ვალდებულებებთან შეთავსების შესახებ იმისათვის, რომ მათ მომავალში სასამართლოს საკუთარი უფლებების და თანასწორობის დასაცავად მიმართონ.

“აღნიშნული ცვლილება რეალურად წარმოადგენს არა მხოლოდ საბჭოს ორი არამოსამართლე ქალი წევრის საჭიროებას, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა იმ წევრის თანასწორობის უფლების დაცვას, რომელთაც ჰყავთ ბავშვები ან აქვთ მზრუნველობის ვალდებულებები ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, როგორც ითქვა, ყოველგვარი გონივრული დროის გადაცილებით გასაუბრებების გაგრძელება აზიანებს თავად კანდიდატების შერჩევის პროცესს და ლახავს თავად კანდიდატების, საბჭოში დასაქმებული პირებისა და მონიტორების ინტერესებს”, – აცხადებენ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაითვალისწინოს საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებითი თანასწორობა ქალებისათვის სასამართლო სისტემაში ადეკვატური და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნით. კოალიცია მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გასაუბრებები წარმართოს სამუშაო საათებში და უარი თქვას არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თითქმის ყოველდღიურად, დღეში სამ კანდიდატთან იმართება. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დილიდან გვიან ღამემდე მიმდინარეობს. ამის გამო ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გასაუბრების პროცესი რამდენჯერმე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ, დანამარტს მიიღებენ.

ამავე თემაზე:

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი