ახალი ამბები

პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ

29 იანვარი, 2015 • 3146
პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ



ტატიანა,
როდის გაიგეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ?

 

სამი წლის წინ მითხრეს, რომ ღვიძლი მაწუხებდა, უშუალოდ დიაგნოზი – ღვიძლის უკმარისობა კი წელიწად-ნახევრის წინ დამისვეს, როცა თბილისიდან ისრაელში ბიოფსიის გასაკეთებლად გამაგზავნეს. სწორედ იქ მითხრეს, რომ ღვიძლის გადანერგვა მესაჭიროებოდა. ექიმებმა წელიწად-ნახევარი მომცეს. ისრაელიდან პასუხის მიღების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ოპერაცია გამეკეთებინა. მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული, რადგან საზღვარგარეთ კეთდებოდა და ამის საშუალება არ იყო. ვერც წარმომედგინა, თუ ეს საქართველოში იქნებოდა შესაძლებელი. ისრაელიდან ჩამოვედი ბათუმში და რეფერალურ საავადმყოფოში კახა ქაშიბაძესთან მივედი. ვაჩვენე დიაგნოზი, რომ გამეგო, როგორ მოხდებოდა მკურნალობა და რა შედეგი ექნებოდა ამას. კახა ექიმმა კი, იმის გათვალისწინებით, რომ მდგომარეობა სტაბილური მქონდა, მითხრა, რომ იყო საშუალება ეს ოპერაცია საქართველოში ჩამტარებოდა, თუ ერთ წელს მოვიცდიდი, გადავწყვიტე დავლოდებოდი.

 

როცა შემოგთავაზეს ოპერაცია, გითხრეს რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა?

 

რა თქმა უნდა, თავიდანვე აგვიხსნეს და გვითხრეს, რომ ეს საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია საქართველოში პირველად ტარდებოდა, ჩემთვის მაინც არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მჯეროდა კახა ექიმის, რატომღაც თავიდანვე ისე განვეწყვე, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მომენტი იყო ხარჯიც, საზღვარგარეთ ამ ოპერაციისთვის ძალიან დიდი თანხა იყო საჭირო და ამას კიდევ დიდი დროც დასჭირდებოდა.

 

ეს ოპერაცია თქვენთვის უფასო იყო თუ დაგჭირდათ გარკვეული თანხის გაღება?

 

არა, ჩვენ აქამდე არანაირი ხარჯი არ გაგვიღია.

 

დონორი თავიდანვე განსაზღვრული იყო?

 

 არა, ის, რომ ღვიძლს ვახო გადმომინერგავდა, ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაწყდა. საქართველოს კანონმდებლობით მეგობრებს ან უცხოს არ შეუძლია, ორგანოს გადანერგვა, ამიტომ დონორს ნათესავებში ვეძებდით, მაგრამ ასეთი არავინ გამოჩნდა: ზოგს რაღაც სჭირდა, ზოგთან მე არ მქონდა თავსებადობა. ბოლოს როცა ოპერაციის დრო ახლოვდებოდა, დონორი კი არ გვყავდა, ჩემმა ძმამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას გადმოენერგა ღვიძლი. ვერ ვიტყვი, რომ დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა ძალიან განვიცდიდი, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, მისი სიცოცხლე, თუნდაც 10%-ით რისკის ქვეშ დამეყენებინა.

 

ვახო, გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

 

ვახო მეგრელიშვილი: ოპერაცია ახლოვდებოდა და ჩვენ დონორი არ გვყავდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, როგორც რეციპიენტისთვის, ისე დონორისთვის, რისკიც საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ დეტალებს – რას რა მოჰყვებოდა, არ ჩავეძიე, ამის ცოდნა ვერაფერში დამეხმარებოდა. მე, უბრალოდ, გავითავისე, რომ უნდა გამეკეთებინა და მორჩა. ეს არა მარტო ჩემი დისთვის, არამედ ჩვენი მშობლებისა და ჩემი დისშვილისთვისაც გავაკეთე.

 

გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ისიც, რომ გასაუბრებისას კახა ექიმი გველაპარაკა პირდაპირ და გაჭრილად. მას არ უთქვამს, რომ მე გმირი ვიქნებოდი და ასე შემდეგ. კახა გეუბნება ყველაფერს პირდაპირ, სხვას შეიძლება ეს უხეშად მოეჩვენოს, მაგრამ ასე ჯობია. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ ამ ოპერაციაში უცხოელი ქირურგებიც მონაწილეობდნენ.

 

იქამდე ექიმთან არ ვიყავი ნამყოფი, ნემსის მეშინოდა და ახლაც მეშინია. ახლაც არ მჯერა, შიში როგორ დავძლიე. ასე მგონია სხვა ვახო იყო, ვინც ეს გააკეთა. შიში ბოლო მომენტში ყველაზე მეტად გამიმძაფრდა, ისიც კი მომივიდა აზრად, საერთოდ ავმდგარიყავი და წავსულიყავი. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა, შიშით მაგ დროს გაჟღენთილი ხარ. შემდეგ დონორებს ვურჩევ, რომ ოპერაციამდე ბოლო დღეს მარტო არ დარჩნენ, ელაპარაკონ ვინმეს მათთვის ავტორიტეტულს, ან სულაც ფსიქოლოგს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ოჯახის წევრების, მეგობრების რეაქცია როგორი იყო თქვენს გადაწყვეტილებაზე, ცდილობდნენ თქვენს გადარწმუნებას?

 

ტატიანა: დიაგნოზის შესახებ ჩემმა ყველა მეგობარმა და ნათესავმა იცოდა, ხოლო როცა ოპერაციის საქართველოში ჩატარების შესახებაც შეიტყვეს, მეგობრებს ცოტა მძიმე რეაქცია ჰქონდათ. ეშინოდათ, რომ ექიმებს საკმარისი გამოცდილება არ ექნებოდათ, მეუბნებოდნენ როგორ ენდობიო, მაგრამ მე რატომღაც თავიდანვე მჯეროდა.

 

ვახო: როცა გადავწყვიტე ღვიძლი მე გადამენერგა, პირველი მამას ვუთხარი ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ძალიან ინერვიულა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. სხვებისთვის არაფერი მითქვამს, ახლო მეგობრებსაც მხოლოდ ბოლო მომენტში შევატყობინე.

 

როგორი იყო თქვენი რეაქცია ოპერაციის დასრულების შემდეგ, როცა პირველად მოგეცათ ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება?

 

ტატიანა: როგორც კი გონს მოვეგე, პირველ რიგში ჩემი ძმა ვიკითხე, როცა გავიგე, რომ ის კარგად იყო, დავმშვიდდი და დავიძინე. ჩემს ძმას ოპერაციიდან მეორე დღეს შევხვდი, როცა ააყენეს, მოვიდა და ფანჯრიდან ხელი დამიქნია.

 

ვახო: როცა ოპერაციის შემდეგ გავიღვიძე, პირველ რიგში ის გამიხარდა, რომ გავიღვიძე. თუმცა შიში ოპერაციის შემდეგაც მქონდა. მეშინოდა, რომ არ გართულებულიყო ჩვენი მდგომარეობა. იმაზეც ვფიქრობდი, რომ დარჩენილი ღვიძლის აღდგენის პროცესი არ წავიდოდა კარგად, რადგან ეს პროცესი ყველა დონორთან ინდივიდუალურია. თუმცა ბოლო ექოსკოპიამ უჩვენა, რომ 30-დან 40%-მდე უკვე აღდგა ჩემი ღვიძლი, სამი თვის შემდეგ კი იგი სრულად აღდგება.

 

რამდენ ხანს იწექით საავადმყოფოში?

 

ტატიანა: საავადმყოფოში ზუსტად 16 დღე ვიყავით, 5 დღე რეანიმაციაში და 11 დღე პალატაში. ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ შემეძლო სიარული, ასევე ვახოსაც, ის რამდენიმე დღით ჩემზე ადრეც კი გამოწერეს საავადმყოფოდან.

 

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

 

ტატიანა: ახლა დიეტაზე ვარ, დანიშნული მაქვს იმუნიტეტის დამწევი მედიკამენტები, რომელთა დოზებიც კონტროლდება. თავს უკეთესად ვგრძნობ, მართალია, ჯერ ცოტა სუსტად ვარ, მაგრამ შედეგს აშკარად ვგრძნობ. სამი თვის შემდეგ გარეთ გასვლაც შემეძლება, ექვსი თვის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, შევძლებ სრულიად ჩვეულებრივად ვიცხოვრო.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის ფაქტი, რომ თქვენ პირველი ადამიანი ხართ, ვისაც საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩაუტარდა?

 

ტატიანა: პირველ რიგში, ალბათ, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, თუნდაც ის, რომ შენ აძლევ მაგალითს ყველა დანარჩენს, რომ არ შეშინდნენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ენდონ საკუთარ ექიმებსა და ღმერთს.

 

ვახო: არ ვიცი, თავს განსაკუთრებულად ვერ ვგრძნობ, ის კი ნამდვილად მიკვირს, შიში რომ დავძლიე. არ მინდა სხვა დონორები შევაშინო, უბრალოდ, მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რადგან არსებობს რისკები და ახლაც იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მათ იცოდნენ, ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა, რომ მცოდნოდა საქართველოში ვიღაცას ჰქონდა ჩემსავით გაცემული ღვიძლი და მან ეს გამოიარა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი