მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მის მიმართ ბრალის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მაინც ავაშენებთ!!!”, – წერს ხაზარაძე “ფეისბიქზე” ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და აზიარებს ცნობას, რომლის თანახმადაც, პორტისათვის გენერალური მშენებელი კომპანია შეირჩა. ის ფრანგული Eiffage იქნება.
დღეს, 24 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)”, – აცხადებს პროკურატურა.
ხაზარაძე-ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთისთვის სასამართლოს მიმართავს