ახალი ამბები

ოქრუაშვილის ადვოკატები რ2-ის ყადაღაზე სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ

24 ივლისი, 2019 • 1082
ოქრუაშვილის ადვოკატები რ2-ის ყადაღაზე სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები, გიორგი ზედელაშვილი და ანა რეხვიაშვილი, ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რ2-ზე ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 100%-იან წილს ყადაღა არ დაედო.

ადვოკატ გიორგი ზედელაშვილის განმარტებით, მათ საქალაქო სასამართლომ უთხრა, რომ შუამდგომლობა წილის დაყადაღების თაობაზე უნდა შეეტანა ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელთან ერთად. სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ ოქრუაშვილს ჯერ არ შეუტანია, თუმცა ამის გაკეთებას აპირებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ აქვს დოკუმენტი, სადაც ხალვაში ხელმოწერით ადასტურებს, რომ რ2 ოქრუაშვილისაა. ხალვაში დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

“მიზეზი გახლდათ ის, რომ ამ საჩივრის წარმოდგენა უნდა მომხდარიყო სარჩელთან ერთადო. არადა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელია წარდგენილ იქნას საჩივარი სარჩელის აღძვრამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა გადაუდებელი შემთხვევა, რადგან, მოგეხსენებათ, 18 ივლისს, 15:17 საათზე, მოხდა ბატონი ქიბარის და შპს პანორამის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ჩვენ შევიტანეთ განცხადება მეორე დღეს დილით”, – განაცხადა გიორგი ზედელაშვილმა.

ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, დროის ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში კვალიფიციური სარჩელის მომზადება და წარდგენა შეუძლებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი