ახალი ამბები

ოქრუაშვილი: “ვარდების რევოლუციამდე შევარდნაძის ძალოვანმა მინისტრმა $600 000 მოგვცა

23 ივლისი, 2019 • 1665
ოქრუაშვილი: “ვარდების რევოლუციამდე შევარდნაძის ძალოვანმა მინისტრმა $600 000 მოგვცა

ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, რომ 2003 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ფინანსებს ის იძიებდა და თანხას ედუარდ შევარდნაძის მაღალჩინოსნებისგანაც იღებდნენ. მისი თქმით, მე-2 პრეზიდენტის ერთ-ერთმა ძალოვანმა მინისტრმა რევოლუციამდე 600 000 დოლარი მისცა:

“შევარდნაძის მაღალჩინოსნებით დაწყებული, რიგითი ჩინოვნიკებით დამთავრებული, რიგები მედგა. მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის ივნისში 600 000 დოლარი მაქვს წამოღებული. უამრავი ადამიანი იყო.

ამითი იმას ვუსვამ ხაზს, რომ სახელისუფლებო ბერკეტები მე ასეთი ფულის მოსაზიდად არ მჭირდებოდა. მე ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” ფინანსების მომძიებელი. ჟვანიას პარტიას თავისი ჰყავდა. მქონდა გარკვეული სახის ურთიერთობები. ვარდების რევოლუციისთვის არა, მერე რომ საფრთხე არ შექმნოდათ, იმიტომ იხდიდნენ ამ ფულს. ასე ხდება, ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება”, – ამბობს ოქრუაშვილი.

პოლიტიკოსი თავს იკავებს გვარების დასახელებისგან, თუ ვისგან აგროვებდა აღნიშნულ თანხებს, და ამბობს, რომ ის ახლა ივანიშვილთანაა ბძოლაში შესული და თუ ვინმეს გვარს გაასაჯაროებს, ამ კამპანიაში ფულს აღარავინ ჩადებს:

“მე ახლა ვარ შესული ძალიან რთულ ბრძოლაში ივანიშვილთან, ანალოგიურად ძალიან ბევრი ადამიანის დარწმუნება მომიწევს, რომ ამ კამპანიაში ფული ჩადონ. მე რომ ერთი გვარი მაინც ვთქვა, ხვალ აღარავინ დამელაპარაკება” ,- ამბობს ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი