ახალი ამბები

პრეზიდენტი პროფესიულ წრეებს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარმოადგინონ

28 იანვარი, 2015 •
პრეზიდენტი პროფესიულ წრეებს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარმოადგინონ

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შესარჩევ პროცესს აქვს დიდი მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცების კუთხით:

 

“პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ აქამდე ქართული საზოგადოებისთვის არნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა საპარლამენტო ძალა, ექსპერტული საზოგადოება და გავხსენით დისკუსია. ყველანი ფაქტობრივად თანხმდებიან ერთი და იგივე კრიტერიუმებზე, ანუ კრიტერიუმებზე კონსესუსი შემდგარია. თვისებები, კრიტერიუმები, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით, ეს არის პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 “ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავდივართ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა და საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს მიმართა, რომ 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ კანდიდატურების გაცხრილვას მოახდენს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი კომისია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა კომისიაში შევლენ მისი ნდობით აღჭურვილი პირები, მისი მრჩევლები.


“ასეთი ღია და გამჭვირვალე უპრეცედენტო პროცესი მნიშვნელოვანია, როდესაც ნდობა ჩვენი სასამართლოსადმი ასამაღლებელია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ კოტე კუბლაშვილი 2005 წლის 23 თებერვლიდან დაინიშნა და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის 23 თებერვალს იწურება.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც იგი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი ბოლო პერიოდში ინტენსიურ კონსულტაციებს მართავდა როგორც საპარლამენტო ძალებთან, ისე სასამართლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი