ახალი ამბები

თამარ ბერუჩაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

28 იანვარი, 2015 •
თამარ ბერუჩაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს  აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. 


საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ამერიკის წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლებს.


“აშშ-ში სამუშაო ვიზიტი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება, მრავალი ღონისძიებით იქნება დატვირთული. შევხვდები აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების, კონგრესის და წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევხვდები აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, რათა განვიხილოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოვების პერსპექტივები და აშშ-ის როლი რეგიონში. ასევე შევხვდები ორმხრივ ფორმატში თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ”- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას.


აშშ-ში სამუშაო ვიზიტის  ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე სახელწოდებით „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ინსტიტუტია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის და შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, რიგის სამიტი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება.


ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარიდან 4 თებერვლამდე გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი