ახალი ამბები

ხალვაშის უკან ვხედავ სახელისუფლებო მხარდაჭერას – უსუფაშვილი

23 ივლისი, 2019 • 1325
ხალვაშის უკან ვხედავ სახელისუფლებო მხარდაჭერას – უსუფაშვილი

“ქიბარ ხალვაშის უკან მე ვხედავ სახელისუფლებო გუნდის სრულიად აშკარა პოლიტიკურ თუ მორალურ თუ ყველანაირ მხარდაჭერას. ეს ყოველდღე ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მხრიდან სრულიად აშკარად გამოსჭვივის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პორტალ “კვირის” პრესკლუბში სტუმრობისას.

მისი თქმით, ხალვაშის ინტერესს არასდროს წარმოადგენდა მედია, მას თავის დროზეც საკუთარი ინტერესის გარეშე გადაუფორმეს რუსთავი 2 და ისევ თავისუფალი ნების გარეშე წაართვეს. უსუფაშვილის აზრით, ხალვაში ახლაც არაა ამ დავებში ჩართული როგორც სამართლიანობის აღმდგენი მებრძოლი. 

“ქიბარ ხალვაშს ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელმაც პირდაპირი გაგებით გააკულაკა. ამის თაობაზე არაპირდაპირი ინფორმაცია მქონდა პარლამენტში მისი დის, ფატი ხალვაშისგან, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს ჩემთან ღიად ამბობდა, რომ ამდენი დრო გავიდა და ქიბარის პრობლემები ვერ გვარდებოდა. არა რუსთავი 2-ის თემა, არამედ დანარჩენი ბიზნესების და ქონებების. დღევანდელი მდგომარეობა როგორია, მე არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ხალვაშის ცხოვრების ინტერესი არასდროს ყოფილა მედია”, – ამბობს დავით უსუფაშვილი. 

ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს 2019 წლის 18 ივლის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე ქართულ სასამართლოებში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელიმე მუხლი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და რუსთავი 2-ის მფლობელად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში, რომელმაც იმავე დღესვე გადააყენა ტელეარხის დირექტორი ნიკა გვარამია და ის თავისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი