ისმაილოვას წინასწარი პატიმრობა 5 თებერვლამდე ჰქონდა შეფარდებული. “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ისმაილოვას ადვოკატმა იალჩინ იმანოვმა 26 იანვარს მიიღო შეტყობინება, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის ვადის კიდევ 2 თვით გახანგრძლივების მოითხოვნით მიმართა.

იმანოვის ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობა ორი მიზეზით განმარტა: არ მიუღია ნარკოლოგიური ექტპერტიზის დასკვნა და ჟურნალისტი შესაძლოა “გამოძიებას დაემალოს”.
იმანოვის თქმით, გამოძიების გაჭიანურებას აზრი არ აქვს.
“პროკურატურას ჰქონდა საკმარისი დრო ექსპერტიზის დასანიშნად მისი შედეგების მისაღებად. გარდა ამისა, როგორც ერთხელ უკვე ვთქვით, ხადიჯას არ აქვს მიზეზი, რომ გამოძიებას დაემალოს. მას რომ პატიმრობის შეშინებოდა, არ დაბრუნდებოდა ქვეყანაში გასული წლის ოქტომბერში. მასზე ზეწოლა ხომ 2-3 წლის წინ დაიწყო. ხოლო გასულ წელს, უფლებადამცველების დაპატიმრებების შემდეგ, მისი დაპატიმრება რეალური გახდა. თვითონ მასაც უგზავნიდნენ მესიჯებს, რომ არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში”, – აცხადებს ისმაილოვას ადვოკატი.
ბაქოს პროკურატურის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის რეპორტიორი და უფლებადამცველი ხადიჯა ისმაილოვა გასული წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჟურნალისტი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში გამოიძახეს საქმეზე, რომელშიც სხვა ჟურნალისტი მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად გასული წლის 10 დეკემბერს თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ისმაილოვას დაკავება გააპროტესტეს.

![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |