ახალი ამბები

აქიმიძე რ2-ზე დავის სტრასბურგში გაგრძელებას არ გამორიცხავს

22 ივლისი, 2019 • 903
აქიმიძე რ2-ზე დავის სტრასბურგში გაგრძელებას არ გამორიცხავს

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის თქმით, მზადაა, ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დავით დვალთან ერთად სტრასბურგში განაგრძოს. ამის შესახებ მან TV პირველზე ისაუბრა.

“ჩვენ პროკურატურაში 2012 წელს შევიტანეთ განცხადება და მოვითხოვეთ ამ საქმის გამოძიება. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე.  როგორც აღმოჩნდა, ამ გამოძიების ვადა გავიდა ისე, რომ საბოლოო ჯამში, ვერდიქტი ვერ დაიდო.

…ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ბრძოლას და გვინდა ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ სამართლებრივად გავიაროთ ყველა ინსტანცია. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ საქართველოში სამართალს აღდგენა არ უწერია, ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს უფლება, წავიდეთ სტრასბურგში იმისთვის, რომ ვთქვათ: ჩვენი უფლებების დაცვა სახელმწიფოში არ მომხდარა”, – აღნიშნა მან.

ამავე გადაცემაში დავით დვალმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან, პირველ რიგში, ითხოვენ, აღიაროს 2004 წელს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

დვალისა და აქიმიძის განმარტებით, 2004 წელს “რუსთავი 2”-ის წილის 60% წაართვეს. ამის შემდეგ რ2 ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ ბოლოს მასაც წაართვეს ტელეკომპანია ენმ-ის ხელისუფლების დროს.

2017 წელს „რუსთავი 2“-ის ორივე დამფუძნებელი და ქიბარ ხალვაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, არხის გენერალურ დირექტორად კი დვალს დანიშნავდა.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ტელევიზია  ხალვაშს გადაუფორმდა, თუმცა დვალის ნაცვლად, არხის გენერალურ დირექტორად მან თავისი იურისტი, პაატა სალია დანიშნა.

ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ერთი ადამიანი დგას, ის არაა ხალვაში — დვალი-აქიმიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი