ახალი ამბები

ხალვაშისგან კოორდინაცია არ არის, რაც ეჭვს აჩენს – დვალი

22 ივლისი, 2019 • 1748
ხალვაშისგან კოორდინაცია არ არის, რაც ეჭვს აჩენს – დვალი

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის თქმით, გარკვეულ ეჭვებს აჩენს გარემოება, რომ თავდაპირველად დაანონსებული თანამშრომლობის მიუხედავად, ქიბარ ხალვაში მას და ჯარჯი აქიმიძეს არ დაკონტაქტებია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ჩემი წარმოდგენით, ადამიანთან თუ პარტნიორობას აპირებ, თუ თანამშრომლობის გეგმები არის, რაც თავიდან ჰქონდა გაცხადებული ქიბარს, მგონია, რომ სულ ცოტა კოორდინაციაში უნდა ამყოფო, რა [როგორ] მიდის, რაც არ ხდება. თავისთავად, ეს აჩენს გარკვეულ ეჭვს, რომ შეიძლება, რაღაც შეცვლილიყო”, – აღნიშნავს დვალი, რომელიც წლებია, ტელეკომპანიაში თავისი წილების დაბრუნებას ცდილობს.

დავით დვალის თქმით, ხალვაში კერძო პირია და დამფუძნებელთა მიმართ სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია. მისი განცხადებით, სახელმწიფოს პრობლემაა, რომ მას და აქიმიძეს სამართლებრივი ბერკეტი არ დარჩათ.

“რასაც ვჩივით ამდენი წელი, ისაა, რომ სახელმწიფო არის გაწეული გვერდზე თავისი გამოძიებით, შეჩერებული და თაროზე შემოდებული გამოძიებით და ჩვენ ვართ ქიბარ ხალვაშის სიტყვის, ანუ მისი კეთილი ნების ამარა. მას სრული უფლება აქვს, ეს სიტყვა შეასრულოს ან არ შეასრულოს. აქ არ არის არანაირი ვალდებულება მისი მხრიდან”, – ამბობს დვალი.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ტელევიზია გადაუფორმდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც არხს 2004-2006 წლებში ფლობდა.

ხალვაშმა, რომელიც თავის დროზე რ2-ის გენერალურ დირექტორობას დვალს სთავაზობდა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად იმავე დღეს საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

2017 წელს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ქიბარ ხალვაში, აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, არხის გენერალურ დირექტორად კი დვალს დანიშნავდა.

ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ერთი ადამიანი დგას, ის არაა ხალვაში — დვალი-აქიმიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი