ახალი ამბები

ოქრუაშვილის თქმით, 2014-ში დვალი/აქიმიძეზე ჩვენება ივანიშვილის თხოვნით მისცა

22 ივლისი, 2019 • 1513
ოქრუაშვილის თქმით, 2014-ში დვალი/აქიმიძეზე ჩვენება ივანიშვილის თხოვნით მისცა

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2014 წელს ჩვენება, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსთავი 2 დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა. ოქრუაშვილმა ორი პირი დაასახელა, ვინც, მისი თქმით, ივანიშვილთან კომუნიკაციის პროცესში მონაწილეობდა.

“პოლიტიკაში არსებობს ტერმინი: ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი ამის გაკეთება არ ყოფლა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამაზე საუბარი… ჯერ კითხვა ისმის, საიდან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი ხელში. პროკურატურამ მისცა ეს ყველაფერი.

დავუშვათ, ეს [ჩვენების ნამდვილობა] ასეა. რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ.

2014 წლის პირველ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს არის ადგილობრივი არჩევნები, როცა გორში მერობაზე ვაპირებ კენჭისყრას. ეს ის პერიოდია, როცა “ოცნება” ცხენზე ზის და მათთვის კონკურენციის გაწევა იოლი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა ივანიშვულთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, რომ ხელი არ შემეშალა მათთვის ანუ დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული სახის ხელის არშეშლის მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის ვთხოვე მხარდაჭერა დავით უსუფაშვილს. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი, პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. არჩევნებთან დაკავშირებით ჩემ რაღაც საკითხის გარკვევაზე არის ეს პასუხი. შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა ასეთი სახით, როგორითაც მაქვს”, – განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ უსუფაშვილის გვარი მასთან შეთანხმებით ახსენა.

ტელეკომპანია  რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც, მისი თქმით, ამოწერილია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის 2014 წელს მიცემული ჩვენებიდან.

ამ ინფორმაციის თანახმად, ოქრუაშვილმა იცოდა, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს აიძულეს წილების დათმობა.

“ეს არის  ამონაწერი ჩვენებიდან. ჩვენ, როგორც დაზარალებულებს, გვაქვს მასალების გაცნობის უფლება და ამოწერა. საწუხაროდ არ გვაქვს ასლის გადაღების უფლება, თუმცა ეს არ ზღუდავს გადმოწერილის გასაჯაროებას”, – უთხრა დვალმა “ნეტგაზეთს” და შემდეგი ამონაწერი მიაწოდა:


ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება

2014 წლის პირველი აპრილი

2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა: ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი. შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიოკომპანიებს. პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა რ2-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისათვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით, ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარკებებს ერასტი კიწმარიშვილათან. დვლათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და, შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს.

პრეზიდენტის მითითებით მფლობელების დაყოლიების შემდეგ წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე. დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა  მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერეხბის გამოყენებას აპირებდნენ, ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა.

აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს–ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს, რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნესსაქმიაობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.

კითვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ ?

პასუხი: როგორც აღვნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე ამისთვის ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად.

–ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით  მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი