ახალი ამბები

ვარდების რევოლუცია ჩემ მიერ იყო დაფინანსებული – ოქრუაშვილი

22 ივლისი, 2019 • 1301
ვარდების რევოლუცია ჩემ მიერ იყო დაფინანსებული – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე რუსთავი 2-ს წილის 60%-ის სანაცვლოდ არხის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, ფული გადაუხადა და ეს თანხა  კავშირების წყალობით მოიზიდა.

ამის შესახებ ოქრუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი თანხების მოზიდვის საშუალება მას მაშინაც ჰქონდა, ახლაც აქვს და, სავარაუდოდ, მომავალშიც ექნება.

“თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, რაში აიღო დვალმა ნაღდი ფული 1 200 000 დოლარი და 10%-იანი ჯორჯია ონლაინის წილი, რომლის ღირებულბაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო. თუ წართმევას ჰქონდა ადგილი, მაშინ კეთილი ინებოს და ეს ყველაფერი უკან დააბრუნოს. 1 200 000 დოლარი ნაღდი ფულის სახით გადავუხადე დვალს და აქიმიძეს ჯემალ ინაიშვილის ხელით და პლუს უსასყიდლოდ გადავუფრომე ჯორჯია ონლაინის 10-პროცენტიანი წილი.

ეს თანხა იქნა მოზიდული ჩეს მიერ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან არ მაქვს უფლება, რომ დავასახელო მათი ვინაობა”, – ამბობს ოქრუაშვილი და დასძენს, რომ თანამდებობაზე ყოფნამდეც და მის შემდეგაც ჰქონდა შესაბამისი კავშირები. ასე უპასუხა კითხვას, გამოიყენა თუ არა თანამდებობრივი მდგომარეობა ამ ოპერაციებში. ამასთან, ოქრუაშვილის თქმით, ვინმემ რომც მოინდომოს რაიმე ტიპის სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ხანდაზმულობის ვადები გასულია.

“მაშინაც მქონდა კავშირები, მას მერეც და მანამდეც. ახლაც მაქვს, თანამდებობაზე ყოფნის დროსაც მქონდა და ა.შ. თქვენ წარმოადგენა არ გაქვთ, 1 200 000 რამდენად პატარა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა.

2003 წელს, კონსპირაციებს და შეთქმულების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა ვარდების რევოლუცია ან ბიძნა ივანიშვილმა დააფინანსა, 2003 წლის მთელი კამპანია ვარდების რევოლუციის ჩათვლით ჩემ მიერ იყო დაფინასნებული. მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი. ახლაც მაქვს და მომავალშიც მექნება დიდი ალბათობით”, – ამბობს ოქრუაშვილი.

შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ 2007 წლის შემდეგ თბილისში გამართულ ანტისამთავრობო აქციებსაც აფინანსებდა  მოზიდული თანხებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი