ახალი ამბები

ბიზნესმენის შვილის მძევლად აყვანის ბრალდებით 4 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

22 ივლისი, 2019 • 1024
ბიზნესმენის შვილის მძევლად აყვანის ბრალდებით 4 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 13-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 4 ადამიანს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ბიზნესმენის შვილის ჯგუფურად მძევლად გატაცება და გამოსასყიდად 3 მილიონის მოთხოვნა.

როგორც პროკურატურა ამბობს, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, 25 წლის გიორგი დეკანოიძე 2018 წლის 11 ოქტომბერს გაიტაცეს — ის მოტყუებით მიიყვანეს მუხიანში, სპეციალურად ნაქირავებ ბინაში. როგორც უწყება აცხადებს, „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება“.

მოგვიანებით, გამოძიების თანახმადვე, დეკანოიძე ნაქირავები „ტოიოტა ვიტსით“ გადაიყვანეს წყალტუბოს სოფელ მაღლაკში და  ხელბორკილებით საწოლზე დააბეს. მას კომუნიკაციის საშუალებები არ ჰქონდა, ვერც გაქცევას ახერხებდა.

ამის პარალალურად, გამოძიების თანახმად, გამტაცებლებმა გიორგი დეკანოიძის მამას, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძეს 3 მილიონი ლარი მოსთხოვეს შვილის გათავისუფლების სანაცვლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მოკვლით დაემუქრნენ.

გატაცებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, სამართალდამცავებმა დეკანოიძე გაათავისუფლეს; დააკავეს ათი ადამიანი. ორ დღეში ამ ათიდან ხუთი გაათავისუფლეს. მათ ბრალი არ წარდგენიათ.

საბოლოოდ, პროკურატურის თანახმად, დაკავებულების ბრალდება ასეთია:

  • მ.ე. — მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
  • თ.კ-ს, მ.მ-ს და გ.ჩ-ს — მძევლად ხელში ჩაგდება ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად ჯერ პატიმრობა შეეფარდა, მოგვიანებით სასამართლომ ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო. ორს 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მესამეს — 14 წლით, მეოთხეს კი- 13 წლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი