ახალი ამბები

ვინც არ მენდობა, ესაა მათი არჩევანი – სალია 

21 ივლისი, 2019 • 1009
ვინც არ მენდობა, ესაა მათი არჩევანი – სალია 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი დირექტორი პაატა სალია დესტრუქციულს უწოდებს საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე და ამბობს, რომ სინამდვილეში ასეთი “საბჭო ვერ უზრუნველყოფს იმ მიზანს”, რისთვისაც წაუყენეს მოთხოვნად. 

ნეტგაზეთმა მას იმ არგუმენტების მოყვანა სთხოვა, რის მიხედვითაც არხის ახალმა მენეჯმენტმა უარი უთხრა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე. 

“ეს მოთხოვნები დესტრუქციული იყო, რადგან რა მოთხოვნებიც მათ დააყენეს, ეს მოთხოვნები ვერ უზრუნველყოფს იმ მიზანს, რისთვისაც თითქოს წაგვიყენეს.  ეს არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ უცხო სხეული შემოვიდეს კომპანიაში. ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის ეს კომპანია, ამის ეჭვქვეშ დაყენება არასერიოზულია და სტრასბურგის გადაწყვეტილების ასე აღქმა ძალიან არასერიოზულია მგონი. მე არ მგონია, რომ კერძო კომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შეყვანა , რომელიც დაკომპლექტებული იქნება 8 თუ 10 კაცით, რამე გადაწყვეტილებას შეძლებს, რამის მიღებას შეძლებს. და ამდენმა ადამიანმა უნდა იმსჯელოს ვინმემ ვინმეზე მოახდინა ზეწოლა თუ არა. თუ ვინმეს ნების შეზღუდვა უნდა, ვერანაირი საბჭო ამას ვერ გაანეიტრალებს. დღემდე მუშაობენ ეს ადამიანები და არავის არანაირი შეფერხება არ ჰქონია ”, – ამბობს სალია. 

სადაა ასეთი პრაქტიკა? – იკითხა სალიამ, “იმედის” პრატქიკის შეხსენების შემდეგ, ის კითხულობს: 

“და მერე რა გააკეთა ამ საბჭომ? ეს არაა ეფექტური, საბჭო ვერ ქმნის მაგ გარანტიას. ვერ მოვისმინე მე არგუმენტი რატომ იქნებოდა ეს საბჭო ეფექტური იმისათვის, რომ რომელიმე ჟურნალისტს არ შეზღუდვოდა გამოხატვის თავისუფლება. მე ეს ვერ მოვისმინე და არც იმ წერილშია ამის დასაბუთება. თუ მოვისმენ უკეთეს არგუმენტს, კიდევ ერთხელ განვიხილავ”. 

სალია ამბობს, რომ თუ ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება, “მათ აქვთ ამისთვის ტრიბუნა”, მეც შეიძლება მომმართონო. 

“მე სიტყვა მივეცი, პირობა მივეცი და ვიცავ ამ პირობას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიძლება ერთი წლის მერე დავარღვიო ეს პირობა, ამის გარანტიას ახლა ვერავინ ვერ მიიღებს”, – ამბობს სალია, ხოლო ნეტგაზეთის კითხვაზე, რომ ჟურნალისტები  როგორც წესი  სიტყვაზე არავის ენდობიან და სხვა რა მექანიზმს სთავაზობს კომპანია, სალია პასუხობს: 

“მათი არჩევანია მაშინ. მე ვინც მენდობა და თვლის, რომ ხელს არ ვუშლი აზრის გამოხატვაში, არ ვავალებ არაფერს, არ მივუთითებ რამეზე, ის ჟურნალისტები გააგრძელებენ ჩემთან თანამშრომლობას, ვისაც უნდობლობა აქვს ჩემთან, ეს არის მათი არჩევანი. გეუბნებით, რომ ვმუშაობ ამ უნდობლობის დაძლევაზე, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს ეს ნდობა ჰქონდეთ. ნდობის მოპოვება არ ხდება ერთ დღეში და ერთ საათში. ამას სჭირდება დრო და თუ ვინმე რამეს შეატყობს მერე შევაფასოთ ეს ყველაფერი”. 

ნეტგაზეთი ასევე დაინტერესდა, თუ გაეცნო ჟურნალისტების კონტრაქტებს და რამდენხნიანია ისინი, რაზედაც გვიპასუხა, რომ უვადოა შრომის კოდექსის შესაბამისად, ამასთანავე მიგვითითა, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და კვლავ დასძინა, რომ არავის ემუქრება კონტრაქტის შეწყვეტის საფრთხე:

“არავის არ ემუქრება ხელშეკრულების შეწყვეტა.  თუ სიტყვას დავარღვევ, მერე მომთხოვეთ პასუხი. სანამ არ დამირღვევია , ნუ მომთხოვთ, არასწორია და არ ემსახურება იმას, რომ კომპანიის დორექტორს და თანამშრომლებს შორის ნორმალური ურთოერთობა ჩამოყალიბდეს”.

ნოდარ მელაძე: მინიმალურ გარანტიებს ვითხოვდით და ვერ მივიღეთ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, დაწესდეს მორატორიუმი საკადრო ცვლილებებზე — რ2-ის მიმართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი