ახალი ამბები

ნოდარ მელაძე: მინიმალურ გარანტიებს ვითხოვდით და ვერ მივიღეთ

21 ივლისი, 2019 • 1597
ნოდარ მელაძე: მინიმალურ გარანტიებს ვითხოვდით და ვერ მივიღეთ

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა”, – განუცხადა რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ “ნეტგაზეთს” მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არხის ახალი მფლობელი და დირექტორი არ დათანხმდნენ ჟურნალისტების შეთავაზებას მიეღოთ გარანტიები სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის. 

ეს გარანტიები რუსთავის 2-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა მფლობელს და დირექტორს 19 ივლისს წარუდგინეს, დღეს კი მათ პაატა სალია შეხვდა, რომელმაც უარი უთხრა შეტავაზებაზე. 

“შეხვედრაზე გვითხრა, რომ ქიბარ ხალვაშთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიაჩნიათ სწორად და უარს ამბობენ იმ საჯარო მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ. მათ შორის საბჭოსთან დაკავშირებით. ასე პირდაპირ არა, თუმცა იყო მინიშნება, რომ საბჭოში დასახელებული ადამიანები მაინც და მაინც არ იწვევდნენ მათ მოწონებას”, – ამბობს მელაძე. 

მათი ერთ-ერთი შეთავაზება იყო არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაექსპერტებისგან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა [საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო – ეკა გიგაური, საია – სულხან სალაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არჩევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი – ნინო დანელია, ჟურნალისტი- ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი -ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი], რომლის  განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმენტს ვერ უნდა განეხორციელებინა იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე.

მელაძის განცხადებით, ახალმა მენეჯმენტმა ასევე უარი უთხრა მაღალრეიტინგული გადაცემების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. 

“ჩვენ ვუთხარით, მაშინ თქვენ თვითონ რას გვთავაზობთ თქო, რაზედაც გვითხრა, რომ მისი შეთავაზება არის სიტყვა და სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ვუთხარით, რომ რაიმე ფორმა მაინც მოიძებნოს გარანტიებისთვის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც კონტენტს ქმნიან, თუმცა პასუხად მივიღეთ,  რომ ამის გარანტიაა მხოლოდ სიტყვები და დროთა განმავლობაში ნდობა უფრო მეტი იქნება”, – ამბობს მელაძე. 

ის ფიქრობს, რომ მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ  მიზანი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლაა:

“ ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე პოზიციაზე ვართ – ეს ყველაფერი არ მომხდარა იმის გამო, რომ მხოლოდ არხის მფლობელი შეცვლილიყო.  რა თქმა უნდა, აქ დგას ხელისუფლება და ხელისუფლების მიზანია “რუსთავი 2” აღარ იყოს ისევ ისეთი კრიტიკული. ამ კონკრეტულ შეთევაზებაზე ქიბარ ხალვაშის უარი იმას ნიშნავს, რომ საფრთხე არის ძალიან დიდი. შეიძლება ეს არ მოხდეს ხვალვე, ან ზეგ, მაგრამ მათ ექნებათ მცდელობა. 

მე ვარ საინფორმაციოს უფროსი და ვუთხარი, რომ დამირეკავ და მეტყვი, რომ ეს სიუჟეტი უნდა იყოს და ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდება მეთქი.  თუ ესა თუ ის სიუჟეტი ჯდება ჟურნალისტურ სტანდარტში, ის რეპორტაჟი ეთერში აუცილებლად იქნება მეთქი. ვართ ისევ მოლოდინის რეჟიმში, რა და როგორ იქნება”, – ამბობს ნოდარ მელაძე. 

მისი თქმით,  მინიმალური გარანტიებიც კი ვერ მიიღეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ახალი მენეჯმენტი ცენზურისთვის არ მივიდა: 

“ეს იყო მინიმალური გარანტიები რასათ ვითხოვდით და ახლა ჩვენ ეს მინიმალური გარანტიები არ გაგვაჩნია. გვაქვს მხოლოდ სიტყვა და უნდა ვენდოთ სიტყვაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი