ახალი ამბები

შსს: სუსლიაკს საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე

21 ივლისი, 2019 • 1107
შსს: სუსლიაკს საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სუსლიაკი არ გაუტაცებიათ და მას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე. 

“უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების , სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვახტანგისი”-ს გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ადვოკატის ცნობით კი, სუსლიაკი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში მატარებლით შემოვიდა, გარდაბნის ტერიტორიაზე ვაგონიდან გაიტაცეს, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ კი აზერბაიჯანში გადაიყვანეს. მისი თქმით, მას ბაქო-თბილისის მატარებლის მე-5 ვაგონის გამცილებელმა უთხრა, რომ სუსლიაკი გარდაბანში ფორმიანმა პირებმა წაიყვანეს მატარებლიდან. 

ადვოკატი ამბობს, რომ ის ელოდება სუსლიაკს თბილისში, რათა ხვალ გაემართათ პრესკონფერენცია იმ უფლებების დარღვევის შესახებ, რასაც სუსლიაკის აზრით, ადგილი ჰქონდა მის მიმართ საქართველოში პატიმრობის დროს.

სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, გამოძიება 10 ბავშვის საქმეზე უკრაინაში გაგრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი