ახალი ამბები

სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, გამოძიება 10 ბავშვის საქმეზე უკრაინაში გაგრძელდება

19 ივლისი, 2019 • 946
სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, გამოძიება 10 ბავშვის საქმეზე უკრაინაში გაგრძელდება

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოუხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქმის პროკურორმა დაუდასტურა.

როგორც მარიამ გოგორელიანი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, საქმე ქართულმა მხარემ უკრაინის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა, გამოძიება უკრაინაში გაგრძელდება და, შესაბამისად, საქართველოში სუსლიაკის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება ვეღარ იქნებოდა გამოყენებული:

“ამ საქმეზე მტკიცებულებები რადგან იყო უკრაინასა და რუსეთში, შუამდგომლობა გავაგზავნეთ სამართლებრივ დახმარებაზე, რომ მიგვეღო მტკიცებულებები და გამოეკითხათ მოწმეები. თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. იმის გამო, რომ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი უკრაინაშია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საქმე გადაგვეგზავნა უკრაინაში. ქართული მხარე აღარ გააგრძელებს გამოძიებას”, – უთხრა პროკურორმა “ნეტგაზეთს”.

სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც მასთან მყოფი ათივე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები კი სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა.

შსს-ს განცხადებით, ქალი ბავშვებთან ერთად საქართველოში თბილისი–მოსკოვის რეისით 8 აპრილს ჩამოვიდა და მათ უპირებდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას. არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

თავად ქალი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია მე-11 ბავშვის შესახებ, რომელიც, პროკურატურის თქმით, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო. თუმცა თავად სუსლიაკი, ადვოკატთან ერთად, ამბობდა, რომ ბავშვი რუსეთში დაიღუპა და მათ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვთ.

სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, რასაც შსს-ც ადასტურებს, ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა. აქედან 4 ბავშვის დედა თავად იულიაა, ხოლო 6 ბავშვი სუროგაციის გზით არის გაჩენილი.

ზურაბ თოდუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ ექსპერტიზით ბრალდების მხარის მთავარი არგუმენტი ქარწყლდება და მტკიცდება, რომ ტრეფიკინგი არ ყოფილა. მისივე თქმით, ქალი თავიდანვე აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს უბრალოდ ბევრი შვილის ყოლა უნდოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი