ახალი ამბები

სუსლიაკი გარდაბნიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს – ადვოკატი

21 ივლისი, 2019 • 1343
სუსლიაკი გარდაბნიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს – ადვოკატი

ტრეფიკინგში ბრალდებული  იულია სუსლიაკი, რომელიც პატიმრობიდან ორიოდ დღის წინ გაათავისუფლეს, ადვოკატის თქმით,  გარდაბნის ტერიტორიაზე მატარებლიდან გაიტაცეს, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ კი აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 

ამის შესახებ სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა “ნეტგაზეთს”. 

მისი თქმით, სუსლიაკი დღეს აზერბაიჯანიდან საქართველოში მოდიოდა, რათა 22 ივლისს ბრიფინგი გაემართა ადვოკატთან ერთად, თუმცა ბაქო-თბილისის მატარებლიდან გარდაბნის ტერიტორიაზე გაიტაცეს. 

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც მან ხმაური ატეხა, სუსლიაკი სასწრაფოდ აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 

“სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვფლობ, სასწრაფოდ მივდივარ აზერბაიჯანში”, – განუცხადა ადვოკატმა “ნეტგაზეთს”. 

მან დილით გაავრცელა ინფორმაცია სუსლიაკის გატაცების შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამართალდამცავები ინფორმაციას არ აწვდინენ. 

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ “ინფორმაციას არკვევენ”. 

ადვოკატის გარდა “ნეტგაზეთს” კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა, რომ სუსლიაკი ბაქო-თბილისის მატარებლიდან ფორმიანმა პირებმა გაიყვანეს, მაშინ, როცა მატარებელი უკვე იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.


ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 19 ივლისს მოუხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქმის პროკურორმა დაუდასტურა.

როგორც მარიამ გოგორელიანი “ნეტგაზეთთან” აღნიშნა, საქმე ქართულმა მხარემ უკრაინის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა, გამოძიება უკრაინაში გაგრძელდება და, შესაბამისად, საქართველოში სუსლიაკის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება ვეღარ იქნებოდა გამოყენებული:

“ამ საქმეზე მტკიცებულებები რადგან იყო უკრაინასა და რუსეთში, შუამდგომლობა გავაგზავნეთ სამართლებრივ დახმარებაზე, რომ მიგვეღო მტკიცებულებები და გამოეკითხათ მოწმეები. თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. იმის გამო, რომ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი უკრაინაშია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საქმე გადაგვეგზავნა უკრაინაში. ქართული მხარე აღარ გააგრძელებს გამოძიებას”, – უთხრა პროკურორმა “ნეტგაზეთს”.

სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი 26 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც მასთან მყოფი ათივე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები კი სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა.

სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, გამოძიება 10 ბავშვის საქმეზე უკრაინაში გაგრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი