ახალი ამბები

თავისუფლების აღკვეთა პატიმრებისთვის თავისუფლების შეზღუდვის ნაცვლად

27 იანვარი, 2015 •
თავისუფლების აღკვეთა პატიმრებისთვის თავისუფლების შეზღუდვის ნაცვლად

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება არის ადგილი, რომლის დატოვება ადამიანს საკუთარი ნება-სურვილით არ შეუძლია. საქართველოში ასეთი დაწესებულება, სადაც თავისუფლება შეზღუდული მსჯავრდებულები არიან გათავსებული, ამ დროისთვის მხოლოდ ერთია და თბილისში ფუნქციონირებს.

 

ამ დაწესებულებაში მცხოვრებ პატიმრებს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვალათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაწესებულება განსხვავდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისგან, ის მაინც ციხეა მხოლოდ, ღია ტიპის.

 

თბილისში არსებულ ასეთი დაწესებულება 75-100 მსჯავრდებულზეა გათვალისწინებული. მისი ინფრასტრუქტურა და სერვისები მოიცავს სარებილიტაციო ცენტრს, სპორტულ მოედნებს, ფეხბურთისთვის კალათბურთისთვის და ფრენბურთისთვის, ღია ეზოებს, შეხვედრების ოთახს, სასადილოს, საკონფერენციო დარბაზს, მაღაზიას, კომპიუტერულ კლასს, მოსასვენებელ ოთახს, ბიბლიოთეკას და სხვას. დაწესებულების ძირითად მიზანს მსჯავრდებულის საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს.

 

დაწესებულებაში განთავესებულ პირებს შეზღუდული არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება, მეტიც, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, მათ შესაძლებლობა აქვთ, შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და ოჯახს დაუბრუნდნენ.

 

“ჩვენ ძალიან ვღელავდით, როგორ იმუშავებდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ქართულ რეალობაში. ვერავის ვერ წარმოედგინა, შაბათ-კვირას პატიმარს გაუღო კარები და გაუშვა სახლში. და როგორ შეიძლება იყოს სივრცე, სადაც არ არის შეზღუდვები, მაღალი ღობე, არის სარეაბილატაციო პროგრამები, სპორტული დარბაზები, სამუშაო ადგილები. ეს რისკი ყველა ქვეყანამ თავის განვითარების ეტაპზე უნდა გაწიოს და მინდა ვთქვა, რომ დაწესებულებამ იდეალურად იმუშავა”,-განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თემურ მაღრაძემ “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.

 

 

ამას გარდა მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პროფილის – სამშენებლო, ხის საამქრო, სამრეცხაო და დამატებითი მცირე საწარმოებში მუშაობით. მათ შესაძლებლობა აქვთ მრავალპროფილიან სასწავლებელში შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია და ელექტრიკოსის, მეფილე – მომპირკეთებლის, ბუღალტერიის, კომპიუტერული ინჟინერიის, სტილისტის მემინანქრის საგანმანათლებლო პროგრამებს დაეუფლონ.

 

დღეისთვის არსებულ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას პრობაციის ეროვნული სააგენტო განაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი დაწესებულების არსებობა საქართველოში არსებული პენიტენციური სისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მასთან დაკავშირებით შენიშვნები მაინც არსებობს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სისხლის სამართლის მართლმსაჯლების სისტემისხელშეწყობა საქართველოში” მენეჯერი ლალი ჩხეტია ამბობს, რომ თავისუფლების შეზღუდვის ასეთ კონცეფციას ევროპული გამოცდილება არ იცნობს და თავისუფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მსჯავრდებულის დაწესებულებაში ყოფნას, არამედ საზოგადოებაში დარჩენას გარკვეული შეზღუდვებით:

 

“თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ანალოგი ევროპაში არ არსებობს იმიტომ, რომ ეს არის საბჭოური კონცეფცია, ამ სასჯელს არ იცნობს ევროპული პრაქტიკა. ევროპელი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ თავისუფლების შეზღუდვა იყოს სხვა ფორმით, თემში დარჩენით, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, იმიტომ, რომ ნებისმიერი საპრობაციო სასჯელი არის თავისუფლების შეზღუდვა, რადგან ადამიანებს შეიძლება ეკრძალებოდეთ მისამართის გამოცვლა, კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაცია, ღამე სადმე მისვლა, ბავშვებთან ურთიერთობა, ეს არის თავისი არსით თავისუფლების შეზღუდვა”,- ამბობს იგი.

 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში პატიმრის ყოფნა მხოლოდ ერთი წლით განისაზღვრება, შესაბამისად, ეს ხდება მისთვის საპატიმრო ვადის გასვლის ბოლო ეტაპზე. რადგან ასეთი დაწესებულების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას გულისხმობს, ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანების მთავრი მიზანია მსჯავრდებული თავისუფლებისთვის მოამზადოს. ლალი ჩხეტიაც ამბობს, რომ   მოქმედი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება თავისი შინაარსით და პრაქტიკით გათავისუფლებისთვის მზადების ეტაპია და ე.წ. ღია ციხეა.

 

“ეს დაწესებულება ძალიან დიდი სიახლეა სასჯელაღსრულების სისტემისთვის, მაგრამ რეალურად ასეთი უნდა იყოს ციხე, ეს არის ევროპული სტანდარტის არამკაცრი რეჟიმის  ციხე”

 

ლალი ჩხეტიას თქმით, ყველა ციხე ამ ტიპის ვერ გახდება, რადგან საზოგადოების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით უნდა არსებობდეს მკაცრი რეჟიმის ციხეც, მაგრამ საუკეთესო და სასურველ სურათი გულისმობს იმას, რომ საქართველოში არსებულ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ჰქონდეს ანალოგიური განყოფილება ან ბლოკი, რომელიც თავისუფლებასთან ახლოს არის  და იქ ადამიანებს გათავისუფლებას ამზადებენ.

 

“წარმოგვიდგენია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ერთ მესმედი დაწესებულებისა უნდა იყოს ამ ტიპის”-ამბობს ის.

 

ჯერჯერობით, განსხვავებული პრობაციის ეროვნული სააგენტოს გეგმები, თბილისში არსებული დაწესებულება საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, სააგენტო გეგმავს, რომ 2017 წელს ასეთი დაწესებულება დასავლეთ საქრთველოშიც გაჩნდეს, რომელიც ასევე 100 ადამიანზე იქნება გათვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი