ახალი ამბები

აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორები პარლამენტთან ტელესტუდიას მოაწყობენ

20 ივლისი, 2019 • 3408
აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორები პარლამენტთან ტელესტუდიას მოაწყობენ

საპროტესტო აქციების “სირცხვილია” ორგანიზატორები, რომელიც უკვე ერთი თვეა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება, პარლამენტის შენობასთან იმპროვიზებული ტელესტუდიის მოწყობას გეგმავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რუსთაველის გამზირზე ორშაბათიდან ყოველ საღამოს ჩაწერენ გადაცემებს, რომელცი როგორც ინტერნეტში, ასევე რამდენიმე ტელეკომპანიაზე გავა. დიღმელაშვილის თქმით, ამის მიზანია, რომ ხმა მიაწვდინონ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადსხვა მიზეზების გამო აქციებზე სიარულს ვერ ახერხებენ:

“ჩვენი მაუწყებლობა რომ გვინდა, ამბავი უკვე გაგაცნეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ხარჯების ოპტიმიზაცია. თქვენ იცით, რომ აქ დგომის ყოველი დღე რაღაც თანხებთან არის დაკავშირებული და ვინაიდან ზაფხულში ამ თანხების უფრო რაციონალურად გამოყენება შეიძლება, ვიდრე ხალხმრავალი აქციების მოწყობა. თქვენ იცით, ზაფხულია და ზოგი რაიონებში მიდის. ჩვენ რა თქმა უნდა აქ დგომას ვაგრძელებთ გახარიას გადადგომაზე და ამისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი ბრძოლა გადავიტანოთ ახალ დონეზე.

თუ ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, რომ აგვისტოში იარონ აქ, ჩვენ აქ ვიქნებით, მაგრამ როცა ადამიანები ვერ შეძლებენ აქ მოსვლას ჩვენ მივალთ მათთან მაუწყებლობის მეშვეობით. ჩვენ ამ სცენას ყოველ დღე 8 საათზე აქედან გვექნება გადაცემა, რომელიც მიმოიხილავს დღის ამბებს. აქცია გაგრძელდე, დაგვჭირდება, რომ ეკრანი ავიღოთ, პატარა იმპროვიზებული სტუდია გავაკეთოთ და აქედან ჩაეყრება საფუძველი ახალ მაუწყებლობას, რომელზეც, იმედი გვაქვს, დაშენდება, იმედი მაქვს, ახალი ტელევიზია” – ამბობს დიღმელაშვილი.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ 21 ივლისს პარლამენტთან წვრილმანების ბაზრობა გაიმართება.

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი