ახალი ამბები

პროტესტის 1 თვე – გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ 19:00 საათზე გაიმართება

20 ივლისი, 2019 • 1266
პროტესტის 1 თვე – გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ 19:00 საათზე გაიმართება

20 ივნისს აქციის დარბევიდან ერთი თვის შემდეგ, რუსთაველის გმაზირზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციას ოცდამეთერთმეტედ გამართავენ.

აქცია კვლავინდებურად 19:00 საათზე პარლამენტთანაა დაგეგმილი:

“1 თვის წინ, რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, ჩვენს პარლამენტში სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან უძღვებოდა. 1 თვის წინ, შს მინისტრმა, გიორგი გახარია, მთავრობის უმოქმედობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული ადამიანების დარბევის ბრძანება გასცა. შედეგად, მივიღეთ დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, მედიის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებსაც სახლამდე სდიეს, სახეში აფურთხეს, მიჯრით ესროლეს და სცემეს.

1 თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ, შს მინისტრ, გიორგი გახარიას ბრძანებით, გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წესის დარღვევითა და არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები დაუშინია თავის მოქალაქეებს, მათ შორის, 18 წლის მაკო გომურსაც, რომელმაც, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა. 1 თვეა, რაც სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ადამიანები სხვადასხვა ფორმით ითხოვენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და დატოვოს თანამდებობა. ბიძინა ივანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებისთვის თვალის ამომთხრელი მინისტრი გმირი და “მაგარი კაცია” – აცხადებენ აქციის მონაწილეები და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ აქციას შეუერთდნენ.

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი