ახალი ამბები

როგორც იქნა, ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – პრეზიდენტი

19 ივლისი, 2019 • 1449
როგორც იქნა, ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – პრეზიდენტი

„როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე“, — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 წლის ბავშვის მშენებლობაზე დაღუპვის საქმეზე მშენებელი კომპანიის დირექტორის დაკავებას.

„შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია. წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები“, — დაწერა ზურაბიშვილმა 19 ივლისს.

რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რასაც არასრულწლოვანი მუშის დაღუპვა მოჰყვა, სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

თუმცა სხვა შემთხვევებში გამოძიება ასეთი სწრაფი არ არის ხოლმე. მაგალითად, უკვე მეხუთე თვეა, არავინ დაუკავებიათ ორთაჭალაში კორპუსის მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი ადამიანის საქმეზე. სამივე მათგანი გარდაიცვალა.

2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი