გადაცემის ანონსში მოკლულის და სალომე მაისურაძე, რომელიც მოცემულ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრმა იარაღია და იყენებენ ბინძური გეგმების განსახორციელებლად, აცხადებს: „ყველას ვერსია იყო, ანუ ეს ყველაფერი მოხდა ლეკის ხელით“.
გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის შოთა უტიაშვილის ცოლია, მომხდარს მტკიცებით ფორმაში „შეკვეთილ მკვლელობად“ აფასებს და ამბობს: „კვალის დაფარვაში მოკლულის ოჯახის მტკიცებით კახეთის სამართალდამცავი უწყებების თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერის ცოლის ძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არიან ჩართულები“.
ეს არ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ მომზადებული პირველი სიუჟეტი, როცა არჩილ მაისურაძის მკვლელობაში ხდება დავით დემინაშვილის უსაფუძვლო დადანაშაულება.
2014 წლის 31 აგვისტოს, „რუსთავი 2“–მა ეთერში გაუშვა სიუჟეტი, სადაც მოკლულის და ამბობს: „ჩემი ძმა იყო კანონიერი ქურდის მკვლელი. მე ვიცი, ინფორმაციით, ბატონ დავითს უნდოდა ავტორიტეტობა, ეხლანდელი არჩევნები მამამისმა დააფინანსა, ოცნებიდან“ მერის არჩევნები. სამართალდამცავები და თვითონ ეს დემინაშვილები ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ“. ავტორი სიუჟეტს ასე ასრულებს: „ოჯახი არჩილ მაისურაძის მკვლელობას მის მიერ კანონიერი ქურდის მკვლელობას არ უკავშირებს“.
ტელეკომპანია „რუსთავი“–ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ „განსხვავებული აქცენტები“ არის ანალიტიკური გადაცემა ჟურნალისტური გამოძიების ელემენტებით. სინამდვილეში, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, არსად ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ საზოგადოების მიმართ გამოიჩინოს პატივისცემა და ფაქტები ბოლომდე გადაამოწმოს, რათა გამოაქვეყნოს სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებულობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.
მოცემულ შემთხვევაში, „რუსთავი 2“, ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით, უტყუარი ფაქტების გარეშე და მხოლოდ მოკლულის დის განცხადებაზე დაყრდნობით ადამიანის მკვლელობის ორგანიზატორად წარმოაჩენს დავით დემინაშვილს, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის უპატივცემულობის ნათელი მაგალითია.
დავით დემინაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან და არჩილ მაისურაძის მკვლელობასთან, მზად არის ნებისმიერ დროს უპასუხოს გამოძიების კითხვებს. მან არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მის მიმართ კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად ამომწურავი განმარტება მიეცა მოკლულის ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, არჩილ მაისურაძეზე, მის მიერ ე.წ კანონიერი ქურდის „ვანცეტას“ მკვლელობის შემდეგ, რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა მათ შორის უცხოეთში მიმალვის დროსაც. როგორც ჩანს, მან ჩადენილი მკვლელობისათვის ბევრი მტერი გაიჩინა. ამ ფაქტებით არც არჩილ მაისურაძის ოჯახი და არც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ დაინტერესებულან და შესაბამისად, არც სიუჟეტში და არც გადაცემის ანონსში არ მოხვდა ეს ინფორმაცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არჩილ მაისურაძის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალებში განზრახ ახდენს დრამატიზებას, როცა სრულიად უსაფუძვლოდ მკვლელობის ორგანიზატორად წარმოჩენილ დავით დემინაშვილს, კომპანიის ხელმძღვანელობას აკავშირებს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, რათა მაყურებელს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ შეგნებულად არ ხდება საქმის გამოძიება.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ჩემი ოჯახის და კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია და დადგული სპექტაკლი „ნაციონალების“ მიერ. ჩემს წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით დაპირისპირება მას შემდეგ გახშირდა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უარი განვაცხადე სხვადასხვა პარტიების სხვადასხვა შემოთავაზებებზე (მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, კუკავას პარტია და „ბურჯანაძე-დემოკრატები“). მე ქალაქ თელავის მერობის ღირსეულ კანდიდატად მივიჩნიე „ქართული ოცნებიდან“ წარდგენილი პლატონ კალმახელიძე და მას დავუჭირე მხარი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ცდილობს ჩირქი მოსცხოს როგორც ჩემს შვილს, ასევე სამართალდამცავებს და დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს. ამგვარი ბინძური სქემებით გეგმავენ პროვოკაციებს მთელი ქვეყნის მაშტაბით და არ აძლევენ საშუალებას საქართველოს მთავრობას ქვეყნის წინსვლისა ნორმალური განვითარებისათვის, ხელს უშლიან ბიზნესის ხელშეწყობას და განვითარებას.
„დანაშაულებრივ სამყაროსთან“ და მკვლელობასთან შესაძლო კავშირების თაობაზე დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებით ზიანი ადგება კომპანიას – შპს „ბუნებრივი აირი“, რომელსაც ამ დროისთვის დასაქმებული ჰყავს 350–ზე მეტი ადამიანი, კახეთში ამუშავებს რამდენიმე ავტოგაზგასამართ სადგურს; ორ სასტუმროს ქალაქ თელავში; უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენებს ტურისტულ კომპლექსს, რომლის ინვესტიციაც საერთო ჯამში 7 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
გვაქვს ინფორმაცია, რომ „რუსთავის 2“-ის თანამშრომლები თელავში კარდაკარ დადიან და ეძებენ ვინმეს, რომელსაც რამე წყენა ექნება დემინაშვილების ოჯახთან. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა მას შემდეგ, რაც მას „რუსთავი 2“–ის კორესპონდენტი პირადად ესაუბრა. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ მორიგ პროვოკაციას.