ახალი ამბები

არ ვიწვით სურვილით, ვითანამშრომლოთ ქიბარ ხალვაშთან – ჩცდ-ს პროდიუსერი

18 ივლისი, 2019 •
არ ვიწვით სურვილით, ვითანამშრომლოთ ქიბარ ხალვაშთან – ჩცდ-ს პროდიუსერი

ფორმულა “კრეატივში”, რომელიც რუსთავი 2-ისთვის რამდენიმე პროექტს, მათ შორის, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” ამზადებს, ამბობენ, რომ ქიბარ ხალვაშთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ.

“მიმდინარე კონტრაქტის ფარგლებში ჩვენ ყველაფერს დავასრულებთ, ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში და მერე დავფიქრდებით”, – უთხრა მიშა მშვილდაძემ ნეტგაზეთს.

მშვილდაძე “ფორმულა კრეატივისა” და ჩცდ-ს პროდიუსერია და ამბობს, რომ რუსთავი 2-თან საკონტრაქტო ურთიერთბა აქვთ, შესაბამის ვალდებულებებს კი აუცილებლად შეასრულებენ. 

პროდიუსერმა ნეტგაზეთს ასევე უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო და სამომავლო გეგმებზე ახლა მსჯელობენ.

“რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, თუმცა ჯერ მზად არ ვარ ამაზე სალაპარაკოდ, რას ვიზამთ, იმიტომ, რომ ახლა განვიხილავთ. ძალიან მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის. ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა ასეთ შემთხვევაში, თუმცა საკმაოდ გულს გარეთ. ჯერ -ჯერობით რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ არ ვიწვით სურვილით, ვითანამშრომლოთ ქიბარ ხალვაშთან.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის მფლობელად უკვე დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი