ახალი ამბები

ოქრუაშვილი ივანიშვილს: ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე “რუსთავი 2”-ის მოთხოვნაო

18 ივლისი, 2019 • 3285
ოქრუაშვილი ივანიშვილს: ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე “რუსთავი 2”-ის მოთხოვნაო

ირაკლი ოქრუაშვილი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი,  დაცვის წევრის დაკავებას “რუსთავი 2”- ის საქმეს უკავშირებს. ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე პოლიციამ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 17 ივნისს დააკავა. 

“მოდი, გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!! სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა”, – ასე მიმართავს ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს და დასძენს – “სამი წელია ჩემი და შენი “შნირის” (ადრე ჩემი იყო, სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.

და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ, რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო – ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის, სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ”. 

ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წელს მიმართა. ოქრუაშვილი ხალვაშისგან 13 მილიონ აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს. 

ოქრუაშვილმა მაშინ ასევე გაასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხალვაშმა 2005-2010 წლებში ოქრუაშვილისა და მასთან აფილირებული პრებისგან 7.7 მილიონი დოლარი ისესხა წლიური 10%-ით.  [პროცენტის წყალობით გაიზარდა თანხა 7-დან 13 მილიონამდე]. აღნიშნული დოკუმენტის სხვა პუნქტის მიხედვით, რუსთავი 2-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის:

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არცერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”,- წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 2016 წელს “ნეტგაზეთს” უთხრა:  “ხელმოწერა მას [ხალვაშს] არ ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ასეთ რამეზე ხელი არასდროს არ მოუწერია. არც ყოფილა ამაზე საუბარი, არ ყოფილა ასეთი შეთანხმება და არ ყოფილა ამ საკიხებთან დაკავშირებით განხილვაც კი ირაკლი ოქრუაშვილთან”. 

რუსთავი 2-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 18 ივლისს უნდა გამოაქვეყნოს. 

ოქრუაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამბობს, რომ 19 ივლისს დაბრუნდება. ის გამოკითხვაზეა დაბარებული 20-21 ივნისის საქმეზე. 

ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა 13 მილიონი დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით

ოქრუაშვილის დაცვის წევრს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი