ახალი ამბები

ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა 13 მილიონი დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით

21 ნოემბერი, 2016 • 1711
ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა 13 მილიონი დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით
ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ოქრუაშვილი ხალვაშისგან 13 მილიონ აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ოქრუაშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა დაუდასტურა:
“მე ამ საქმეს არ ვაწარმოებ, სხვა ადვოკატმა მოამზადა და შეიტანა სარჩელი. თუმცა გიდასტურებთ, რომ სარჩელი არჩევნების მეორე დღეს, 9 ნოემბერს არის შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით”, – გვითხრა ალაფიშვილმა.  
საქმე ეხება მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ხალვაშმა 2005-2010 წლებში ოქრუაშვილისა და მასთან აფილირებული პრებისგან 7.7 მილიონი დოლარი ისესხა წლიური 10%-ით.  ალაფიშვილის განმარტებით, სწორედ პროცენტის წყალობით გაიაზრდა თანხა 7-დან 13 მილიონამდე.
ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ზემოხსენებული დოკუმენტი ყალბია.
აღნიშნული დოკუმენტის სხვა პუნქტის მიხედვით  რუსთავი 2-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე,”- ვკითხულობთ მეორე პუნქტში.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ნეტგაზეთთან განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ყალბია:

“ხელმოწერა მას  [ხალვაშს] არ ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ასეთ რამეზე ხელი არასდროს არ მოუწერია. არც ყოფილა ამაზე საუბარი, არ ყოფილა ასეთი შეთანხმება და არ ყოფილა ამ საკიხებთან დაკავშირებით განხილვაც კი ირაკლი ოქრუაშვილთან. ეს მან გუშინ დამიდასტურა. საუბარი იყო იმაზე, თითქოს ამ დოკუმენტს ჩაუტარდა მრავალჯერადი ექსპერტიზა და დადასტურებულია, რომ ნამდვილია და ა.შ. ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩაატარეს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერების გარეშე. რას შეადარეს, რომელ ხელმოწერებს შეადარეს და ა.შ”- ამბობს პაატა სალია.

თუმცა ამჟამად დავის საგანი რუსთავი 2-თან დაკავშირებული საკითხი არ გამხდარა.
დოკუმენტი, რომელიც რუსთავი 2–მა გაასაჯაროვა

დოკუმენტი, რომელიც რუსთავი 2–მა გაასაჯაროვა

მასალების გადაბეჭდვის წესი