ახალი ამბები

ოქრუაშვილის დაცვის წევრს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან

17 ივლისი, 2019 • 865
ოქრუაშვილის დაცვის წევრს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრ კობა კოშაძეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს.

კოშაძე 17 ივლისს, დილით დააკავეს, როგორც ადვოკატი რუსთავი2-თან საუბარში ამბობს, ქალაქის შემოსასვლელში. ადვოკატის თქმითვე, კოშაძეს მაკაროვის ტიპის პისტოლეტის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ადვოკატის თანახმადვე, დაკავების შემდეგ კოშაძის სახლში, თბილისში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ იარაღი კოშაძის დაკავებისას ამოიღეს და არა მის სახლში ჩხრეკისას.

სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი (236-ე), რითაც კოშაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებს, რის გამოც გამორიცხავს, რომ კოშაძეს იარაღი ჰქონდა:

„ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე пошел .. …-მეთქი. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი, საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს, იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი, რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016- ში ორივეს,~ რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს, მაშინ არ ჰქონდა და ახლა რაში სჭირდებოდა“?

ოქრუაშვილი ასევე წერს, რომ 19 ივლისს ბრუნდება საქართველოში. „ისე, საკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007-ში, მერე როგორც გაგრძელდა, კი იცით“, — წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსანის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში- პირიქით. მატროსოვი და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ, მე თუ მასე არ მოხდება”, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი