ახალი ამბები

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე პარლამენტარებს შეხვდა

22 იანვარი, 2015 • • 958
მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე პარლამენტარებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიღო და პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს- დავით ბაქრაძეს, გიორგი ბარამიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ლევან ბეჟაშვილს შეხვდა.

 

პრეზიდენტმა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა, თუმცა კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა არ გამართულა. 

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესახებ კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება.

 

„გაიმართა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ასევე,  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება და  უფრო აქტიურ სახეს მიიღებს… შეხვედრების მიზანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, კონსესუსითა და რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერით იყვნენ არჩეული. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ჯერ არ არის საუბარი – პროცესი მიმდინარეობს გარკვეული კრიტერიუმების თაობაზე“, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ. 

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,კონსტანტინე კუბლაშვილი ამ თანამდებობას 2005 წლის 23 თებერვლიდან იკავებს. კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი