ახალი ამბები

ომბუდსმენი ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებაზე მონიტორინგს განახორციელებს

21 იანვარი, 2015 • 1485
ომბუდსმენი ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებაზე მონიტორინგს განახორციელებს

სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

 

“საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით და პირველ რიგში უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

 

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას 2015 წლის 20 იანვარს მომხდარი დანაშაულის – იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.  

 

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მონიტორინგს განახორციელებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული და გარანტირებული უზენაესი სამართლებრივი ღირებულების – ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების პროცედურული ასპექტის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რომელიც მიმართული უნდა იყოს დამნაშავე პირის გამოვლენისა და მართლმსაჯულების განხორციელებისაკენ.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აუცილებელია მოცემულ საქმეზე გამოძიება წარიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვით: დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად; ზედმიწევნით; სწრაფად; იმ საგამოძიებო ორგანოს/პირ(ებ)ის მიერ, რომელსაც აქვს სამართლებრივი კომპეტენცია საქმესთან დაკავშირებული ფაქტების გამოსაკვლევად; მსხვერპლის ოჯახის წევრების მონაწილეობით გამოძიების  პროცესში.

 

მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ზედმიწევნით ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქმესთან კავშირში მყოფი ყველა მტკიცებულების კანონიერი გზით მოპოვებას. ასევე, მოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სწრაფად და გაჭიანურების გარეშე, გონივრულ ვადებში უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს ჩაერთოს პროცესში, უზრუნველყოფილი იქნეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით.

 

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს საზოგადოების პერმანენტული ინფორმირება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, გამოძიების საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი